ეკონომიკა
01/02/2021

ვატო ასათაშვილი: ეკონომიკის სწრაფად გახსნაზე საუბარი არადამაჯერებელია 

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის თქმით, არადამაჯერებელია ეკონომიკის სწრაფად გახსნაზე საუბარი, რადგან ის ქმედებები, რაც მთავრობამ განახორციელა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იყო არათანმიმდევრული, რამაც დღევანდელ რეალობამდე მოგვიყანა.

„გააჩინეს მოლოდინი, რომ საქართველო იქნებოდა პირველი მწვანე ქვეყანა და კარგად ვნახეთ, რომ ამის მაგივრად სრული იზოლაციისკენ წავედით. ახლა კიდევ იმაზე საუბარი, რომ დააკვიდებიან პროცესებს და დადებითობის მაჩვენებლის გაზრდის შემთხვევაში უფრო სწრაფად გახსნიან ეკონომიკას, არადამაჯერებელია. ეს არის უბრალოდ იმედის გაჩენა.

ეკონომიკას სჭირდება სტრატეგიული დოკუმენტი, მინიმუმ მოკლევადიან პერსპექტივაში. მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ახლა გავიხსნებით, ეს არის წყლის ნაყვა, რაც აზარალებს ქვეყანას და ეკონომიკას. ველოდები უფრო მეტ აქტივობას საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის მხრიდან. უკმაყოფილების დონე კიდევ გაიზრდება, რასაც უფრო მეტი აქციები მოჰყვება. ნებისმიერი ინსტრუმენტი, რაც შეიძლება იყოს ზეგავლენისა და წნეხის საშუალება მთავრობაზე უნდა იქნას გამოყენებული, იმისათვის რომ დაიწყოს ქვეყნის ეკონომიკის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2022 წლის დასაწყისსშიც ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით,“– აღნიშნავს ვატო ასათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4%–ს მიუახლოვდა. ასევე, დღეიდან ეკონომიკურ საქმიანობებზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება.

 „თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩნეთ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში, დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს, და რუსთავს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.