"უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება სებ-ის რეზერვების ზრდას უფრო გამოიწვევს ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას"
საერთაშორისო დინამიკის მხრივ, აშშ დოლარი ბოლო დროს მოსალოდნელზე მყარი აღმოჩნდა, თუმცა, TBC Capital-ის საშუალოვადიანი ინდიკატორები კვლავ დოლარის შესუსტებაზე მიუთითებს.
ამასთან, როგორც საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია.
"თუმცა, რომ განვმეორდეთ, თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას."-ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ექსპორტის, იმპორტის, სამშენებლო მასალებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსებს, აგვისტოში კლება გაგრძელდა, რაც TBC Capital-ის დაბალი ინფლაციის პროგნოზსთან თანხვედრაშია.
ამავდროულად, რეალური ექსპორტის შემცირება მშპ-ს ზრდის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელში, რომელიც ამავე თვეში ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე მიუთითებდა, გათვალისწინებული არ იყო.