უცხოური ავიაკომპანიების ტექნიკურმა დაშვებამ საქართველოს ₾7 მილიონის შემოსავალი მოუტანა
საჰაერო ეკიპაჟებისთვის ტექნიკური დაშვების მიმზიდველი პირობების შეთავაზებით, პანდემიის პირობებში, საქართველომ 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
ოპერატორებისთვის შეთავაზებული პროექტი ითვალისწინებს პროტოკოლს ეკიპაჟების უსაფრთხო ტრანსპორტირების და სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სასტუმროებში განთავსების შესახებ.
„გეოგრაფიული მდებარეობის,ნებართვების მიღების გამარტივებული პროცედურების და მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, პროექტი მიმზიდველი გახდა უცხოური ავიაკომპანიებისთვის და მან ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 7 მილიონის შემოსავალი მოუტანა სერვისის მიმწოდებლებს: აეროპორტს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, საწვავგამმართველ საწარმოს, ბაზრის სხვა შედარებით მცირე მოთამაშეებს“, - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
მაგალითისთვის, 2020 წლის 22 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შესრულდა 525 ფრენა ტექნიკური დაშვების მიზნით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 129 ფრენა. ეკიპაჟის დასვენების მიზნით შესრულდა 541 ფრენა. საქართველოში შემოვიდა ეკიპაჟის 2270 წევრი. პროექტში ჩაერთვნენ ახალი ავიაკომპანიები: Antonov, Air X Charter, Air Hamburg, Harmony Jet, Ukrainian Wings, Fleet Air და სხვა.