"USAID-ის მხარდაჭერით შემუშავებული "ტურიზმის შესახებ" ახალი კანონი ტურისტების უფლებების გაუმჯობესებულ დაცვას გვთავაზობს"
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ,გრანტის მიმღებ ორგანიზაცია "PMO კონსალტინგთან" ერთად ტურიზმის რეფორმის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი წარადგინა.
ხარჯსარგებლიანობის ანალიზი ტურიზმის სექტორსა და ზოგადად, ეკონომიკაზე მარეგულირებელ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებების გავლენას აფასებს და კანონპროექტის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე მოსალოდნელ ზეგავლენას განსაზღვრავს.
ღონისძიება კერძო-საჯარო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში ჩატარდა და მას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი პარლამენტარები, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კერძო სექტორის წარმომადგენელი დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
"ჩვენი მხარდაჭერით შემუშავებული "ტურიზმის შესახებ" საქართველოს ახალი კანონი ტურისტების უსაფრთხოებისა და უფლებების გაუმჯობესებულ დაცვას გვთავაზობს, ხელს უწყობს სექტორში სამართლიანი და გამჭვირვალე პრაქტიკის დანერგვას და სრულიად შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს,“- განაცხადა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა.
"ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონპროექტი, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას მიზნად ისახავს. ეს კი ერთი მხრივ, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და გაჯანსაღების პროცესს ხელს შეუწყობს, ხოლო მეორე მხრივ, სერვისების ხარისხისა და ტურისტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა მოხდება. კანონპროექტით გათვალისწინებულია ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და იგი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან სრულ ჰარმონიზაციაშია,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.
შეფასების შედეგად, 2023-2033 წწ-ში, კანონპროექტის გავლენები დადებითია და მათი წმინდა სარგებლის მიმდინარე ღირებულება ჯამურად 4.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ფინანსურ ხარჯსა და სარგებელთან ერთად ისეთ არამონეტარულ გავლენებს მოიცავს, როგორიცაა კადრების დატვირთულობის ზრდით გამოწვეული დროის ალტერნატიული დანახარჯი, მომხმარებელთა სარგებელი სერვისების ხარისხისა და მათი უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება.
რაც შეეხება უშუალოდ ფინანსური სახის გავლენებს, 2023-2033 წწ-ში მოსალოდნელი ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის გათვალისწინებით, წმინდა სარგებელი კვლავ დადებითია და შეადგენს 3.4 მილიარდ ლარს.