"თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი არ დასუსტდა, ლარის დამატებით გამყარება ნაკლებად სავარაუდოა"
TBC Capital-მა მთავარი ეკონმისტის ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა.
პუბლიკაციის მიხედვით, ივნისის ექსპორტის მაჩვენებლები მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მოსალოდნელზე მაინც შედარებით სუსტ დინამიკას აჩვენებს. წინა თვისგან განსხვავებით, ზრდა მხოლოდ ფასების და დიდწილად რეექსპორტის ხარჯზე იყო.
ასევე, მცირედით გაუარესდა ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა. ამავდროულად, კვლავ მაღალია იმპორტში საინვესტიციო საქონლის წილი, განსაკუთრებით ნავთობის მაღალი ფასის ეფექტის გავლენის შესწორებით, რაც ეკონომისტის აზრით, ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდის მოლოდინებზე მიუთითებს. საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი მოლოდინების ინდიკატორია.
რაც შეეხება სესხებს, მაისისგან განსხვავებით, ივნისში უცხოური ვალუტის სესხების ზრდა მცირედით უფრო მეტი იყო, თუმცა ძირითადად კორპორატიული სეგმენტის ხარჯზე, სადაც გრეძლვადიანი პროექტების დაფინანსება სწორედ ვალუტაში დომინირებს. ამავდროულად, მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, იპოთეკა პრაქტიკულად მთლიანად ლარში გაიზარდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ TBC Capital–ის მოლოდინების შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით უკვე შენელება შეინიშნება.
„წინა კვირაში ლარის გამყარება ასევე ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი არ დასუსტდა, მართალია წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერი დარჩება, მაგრამ ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება უკვე ნაკლებ სავარაუდოა და ჭარბი შემოდინებებით უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება მოხდება. საამისო არგუმენტები ლარის სხვა ვალუტებთან მიმართებით საშუალო კურსი და ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირების მოლოდინია.
როგოც ეკონომისტი ანგარიშში აღნიშნავს, მართალია, წინა თვეებისგან განსხვავებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსის ივნისის დინამიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ინდიკატორი არაა საკმარისად დამაჯერებელი იმისათვის, რომ ინფლაციის ნორმალიზებასთან დაკავშირებით მათი შეფასება მატერიალურად შეიცვალოს.