“თუ ხორბლის ადგილობრივ მოსავლიანობას 400 000 ტონამდე გავზრდით, თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ“
თუ შევძლებთ და ხორბლის ადგილობრივ მოსავლიანობას 400 ათას ტონამდე გავზრდით, უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს, - საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ ამ მაჩვენებელზე გასვლა სრულიად შესაძლებელია.
სილაგავას თქმით, დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა.
„400 ათასი ტონა ფაქტობრივად არის ჩვენი მოხმარების ნახევარი. გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, განსაკუთრებით უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს“ , - განაცხადა ლევან სილაგავამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, მოსავლიანობა არის 2-2.5 ტონა 1 ჰა-ზე, თუმცა, არის კარგი მაგალითებიც, როცა მოსავლიანობა 1 ჰა-ზე არის 6-7 ტონა, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 5 ძირითადი კომპონენტის თანხვედრის შემთხვევაში გაიზრდება მოსავლიანობა და საქართველოში მეხორბლეობის დარგი ინვესტირებისთვის მიმზიდველი იქნება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, ტექნოლოგია, კოოპერირება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და დაზღვევა - ეს 5 კომპონენტი მნიშვნელოვანია, როგორც მეხორბლეობაში, ისევე ზოგადად. ამ ხუთი კომპონენტის გარეშე წინსვლა არ იქნება. თუ ჩვენ ამ ინსტრუმენტებს შევქმნით, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ გარღვევა გვექნება და ინვესტიციებისთვის ვიქნებით მზად. შესაძლებელია მოსავლიანობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გაზრდაც“, - მიიჩნევს სილაგავა.