წელს ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 1 მლნ ბოთლს გადააჭარბებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, წელს ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 1 მლნ ბოთლს გადააჭარბებს.
ლევან მეხუზლას თქმით, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ყველა ბაზარზე ფიქსირდბა, მათ შორის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, გერმანია, ბალტიისპირეთი, პოლონეთი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ წელს აშშ-ში ჯამურად ქართული ღვინის 1 მლნ-ზე მეტი ბოთლი გავა. და როგორც მეხუზლა აცხადებს, მსგავსი მოვლენა 21-ე საუკუნეში პირველად იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 9 თვეში, საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა, ღვინის ექსპორტიდან კი $168 მლნ მიიღო, ეს 11%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში, რაოდენობრივი მაჩვენებელი კი წლიურ 12%-იან ზრდას აჩვენებს.
საექსპორტო ქვეყნების ლიდერი კვლავინდებურად რუსეთია, მას მოსდევს უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინო ექსპორტზე 397-მა კომპანიამ გაიტანა.