წელს 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა იწყება. ქვეყნის მასშტაბით, აშენდება 330 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო თათბირზე გახდა ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
ასევე, 2023 წელს დაგეგმილია 26 სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება. დაიწყება 60 ახალი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისათვის, დასკვნით ფაზაშია 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოები მოიცავს როგორც ახალი სტადიონების მშენებლობას, ისე არსებული სტადიონების და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის, უეფას სტანდარტების შესაბამის, კაპიტალურ რეაბილიტაციას.
2023 წელს დასრულდება ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის სპორტული კომპლექსის და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა კი, ინტენსიურად გაგრძელდება.
2023 წელს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყება ახალი პროგრამა ტურისტული მდებარეობების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს, როგორც არსებული საკურორტო მდებარეობების რეაბილიტაცია-განახლებას, ისე ახალი ცენტრების განვითარებას. პროგრამისათვის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი.
გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ველისციხის ურბანული განახლებისა და ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროექტებზე.
რაც შეეხება კიდევ ერთ - მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებას, სამინისტროს მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, 2023 წელს დაიწყება 2 ახალი რეგიონული, ევროპული სტანდარტების, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის პროექტის განხორციელება, სადაც გამოყენებული იქნება ნაჟური წყლების მაღალტექნოლოგიური გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა. ობიექტები მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს. ასევე, დაიწყება 12 ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობისა და 2 არსებული ნაგავსაყრელის დახურვის მოსამზადებელი სამუშაოები.
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონული განვითარების მიმართულებით.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 4 საპილოტე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი), 2020-2022 წლებში, გამოყოფილი იქნა 205 მილიონი ლარი, საიდანაც დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაახლოებით 150 პროექტი და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 400-ზე მეტი ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი პროგრამის შემუშავებასა და დაწყებასთან დაკავშირებით.
ასევე გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის უახლესი ინსტრუმენტის - „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (Smart Specialization) მიმართულებით, რომლის საპილოტე რეგიონად განსაზღვრული არის იმერეთი და ასევე, გაგრძელდება მუშაობა ევროსტატის რეგიონული სტატისტიკის NUTS კლასიფიკაციასთან მიმართებაში.
გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა. ამჟამად, 1801 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 264 306 ადამიანი. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, სულ, გაცემულია, დაახლოებით, 505.6 მილიონი ლარი სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერისა თუ დანამატების სახით, საიდანაც 2022 წელს გაცემულია 103 მილიონი ლარი.
ამჟამად, მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს 53 ღონისძიებას დაახლოებით 968.5 მილიონი ლარის საერთო საპროგნოზო ბიუჯეტით. 2021-2022 წელს ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 450 მილიონი ლარი.
სამინისტროს 2023 წელს გეგმავს მაღალმთიანი დასახლებების 2024-2030 წლების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც გაითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ტერიტორიულ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას.
ასევე გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში. მათ შორის, გაგრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანკარში 28 დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოები, რის შედეგადაც, მოსახლეობა დაუბრუნდება ისტორიულ საცხოვრებლებს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, 250 მილიონი ლარის პროექტებზე გამოცხადებულია ტენდერები, ზოგიერთ მათგანზე კი, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. ასევე, დაწყებულია მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების გამოსავლენად.
სამუშაო თათბირზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.