ტყიბულში ახალი შახტის და თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
ტყიბულში ახალი შახტა და თბოელექტროსადგური აშენდება. საქნახშირის ინფორმაციით, ადგილზე, ამ დროისთვის წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გერმანული კომპანია DMT-ს სპეციალისტები ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.
„ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ შახტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მოპოვება მნიშნელოვნად გაიზარდოს. ვიმუშავეთ შახტის სპეციალისტებთან ერთად - შევისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, ოპერატიულად მოგვაწოდეს ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე, შევთანხმდით გარკვეული სამუშაოების განხორციელებაზე და დარჩენილი ინფორმაციის მოწოდებაზე. საერთო ჯამში, ტყიბულში ვიზიტი ნაყოფიერი და ეფექტიანი გახლდათ.“-აღნიშნა DMT-ს სამთო ინჟინერმა, დირკ ვაგნერმა.
შემდეგი ეტაპი ტექნიკურ-ეკონომიკური დასკვნის მომზადებაა.
პროცესი სავარაუდოდ, 2-3 თვში დასრულდება. როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, ახალი შახტის აშენების შედეგად, მოლოდინია რომ ქვანახშირის მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტყიბულში დამატებით 2300 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
გერმანელი სპეციალისტები დასკვნაზე მუშაობას იწყებენ. ეს არის პირველი ეტაპი, რომელსაც, ვფიქრობ უახლოეს 2-3 თვეში გავივლით და წარმატებით გადავალთ პროექტირებაზე. ასე რომ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო საწარმოს აშენების პროექტი ამ ეტაპზე შეუფერხებლად მიმდინარეობს.“- განმარტა მიხაილ სოცკმა.
შეგახსენებთ, ახალი შახტის მშენებლობისა და თბოელექტროსადგურის პროექტებზე მუშაობის დაწყება 2022 წელს დაანონსდა.