ეკონომიკა
24/12/2020
ავტორი: Business Partner

თიბისი: რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მხოლოდ 2021 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას თიბისი კაპიტალი მხოლოდ 2021 წლის ბოლოს ელის.

თიბისი კაპიტალში მიიჩნევენ, რომ სამიზნეზე მაღალი ინფლაციის პროგნოზის გათვალისწინებით, საპროცენტო განაკვეთის აწევის ალბათობა მომატებულია. "ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის დამატებითი გაუფასურების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების აწევა საბაზო სცენარად განიხილება", - ნათქვამია საინვესტიციო კომპანიის კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9 დეკემბერს უცვლეად, 8%-ზე დატოვა, გადაწყვეტილება მარეგულირებელმა მაღალი გაურკვევლობით ახსნა.

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა პარლამენტში გამოსვლისას განმარტა რატომ არ აქვს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება.

მისი თქმით, ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მიღებული წნეხის ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილება შევაჩერდა. "პროცესს ვაკვირდებოდით და შემდგომ გადაწყვეტილებასაც განვითარებული მოვლენების შესაბამისად მივიღებდით. ამ ყველაფერში თავის უარყოფით როლს მაღალი დოლარიზაციაც თამაშობს. ამ ეტაპზე სწორედ მაღალი დოლარიზაცია არ იძლევა მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

იქვე აღნიშნა, რომ 2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გამო, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კიდევ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თავის მხრივ, ინფლაციის ზრდის მოლოდინით იქნება განპირობებული.