ეკონომიკა
26/09/2023

თიბისი კაპიტალი: საცალო ვაჭრობის ზრდის დინამიკა გრძელდება და მომავალ წელსაც გაგრძელდება

"თიბისი კაპიტალმა" საცალო ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ბაზარი პირველად შეისწავლა.

როგორც "თიბისი კაპიტალის" უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, ანდრო თვალიაშვილმა გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" განუცხადა, ამ დრომდე აქტიურად ფარავდნენ FMCG, იგივე სუპერმარკეტების ქსელების სექტორს, თუმცა წელს პირველად,  ტანსაცმლისა და ტექნიკით საცალო ვაჭრობის სექტორიც შეისწავლეს.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს ყველაზე გააქტიურებული ტანსაცმლის სექტორი იყო, რომელმაც 54% შეადგინა, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც, პანდემიის შემდგომ დაგროვებული მოთხოვნა, ამასთან ტურიზმის აღდგენის პროცესი გახდა.

"ზოგადად მთლიანი ბაზარი, სამი ძირითადი კომპონენტით ფასდება, ესაა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, ტურისტული შემოდინებები და ასევე, 2022 წლიდან მიგრანტების მხრიდან გაჩენილი მოთხოვნა.

ჩვენი ვარაუდით, ზრდის ტემპი ორივე სექტორში, როგორც ტანსაცმლის, ასევე ტექნიკის (საცალო ვაჭრობის  კომპონენტში) როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელსაც გაგრძელდება,"-აცხადებს თვალიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად მომხმარებლის ქცევაც გამოიკვეთა, სადაც ორი ფაქტორი გამოიყო. პირველი - 00:00 საათიდან  08:00 საათამდე აქტიური ვაჭრობა იყო, რომელმაც დაახლოებით 26% შეადგინა და მეორე შემთხვევაში, ასაკობრივი გადანაწილება მოხდა, რომელიც 19 წლიდან 29 წლამდე განისაზღვრა. თვალიაშვილის განმარტებით, ბიზნესმა სწორედ ამ სეგმენტზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

ცნობისთვის, "თიბისი კაპიტალის" კვლევის შედეგად, პანდემიის გამო 2020 წელს მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საცალო ვაჭრობის სექტორი 2022 წელს, შესამჩნევად, 54%-ით გაიზარდა. ამავე წელს, პიკს მიაღწია საშუალო თვიურმა შემოსავალმა 1 ადამიანზე, რამაც ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე ხარჯები გაზარდა.

 

Businesspartner