ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 9 კოოპერატივთან გაფორმდა
ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 9 კოოპერატივთან გაფორმდა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბოლო მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადი 27-მა კოოპერატივმა შეიტანა.
„1.2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაფინანსდება ამ ცხრა ბენეფიციარისთვის. მოთხოვნა მზარდია, თუმცა, რადგან ახალი პროგრამაა და მსგავსი პირობებით სააგენტოს ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ჯერ არ განუხორციელებია, დეტალების გასაცნობად კოოპერატივებს დრო სჭირდებათ. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს სრულად იქნება ათვისებული პროგრამის ბიუჯეტი,“-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.
მისივე განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია, რაც იმას ნიშნავს რომ 50%-ის თანადაფინანსების პირობებში, 20 მლნ ლარის მექანიზაცია კოოპერატივების საკუთრებაში გადავა.
„წლების განმავლობაში, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ტექნიკაა ქვეყანაში შემოსული, რაც დარგზე დადებითად აისახა, მაგრამ ამ მიმართულებით გამოწვევა კვლავ არის,“-განმარტა გიორგი ჯიბლაძემ.
შეგახსენებთ, რომ კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა 6 მარტს დაიწყო.