ეკონომიკა
11/10/2021

TBC Capital: წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არაა მოსალოდნელი და შერბილება 2022-დან დაიწყება

ლარის განაკვეთების მხრივ, მიუხეადავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და დეკემბერში საბაზო ეფექტის გამო მისი შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის აზრით, სექტემბრის ინფლაციის დინამიკა, სავალუტო შემოდინებების აღდგენასთან ერთად, დამატებით აძლიერებს არგუმენტებს, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არაა მოსალოდნელი და შერბილება მომდევნო წლიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა 15 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა. მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს წლის ბოლომდე განაკვეთის გაზრდას. თუმცა თიბისი კაპიტალი ჯერ კიდევ წინა კვლევაში აცხადებდა, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წელსაა მოსალოდნელი.

"ინფლაცია მაღალია, როგორც სამომხმარებლო, ასევე სამრეწველო პროდუქციის მიხედვით. ბოლო პერიოდში სამრეწველო ფასების ზრდა დასტაბილურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზებაზე მიუთითებს. საბაზო სცენარი 2022 წლის მეორე კვარტლიდან ლარის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიზეზებია: ინფლაციის კლება, პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ტურისტული შემოსავლების აღდგენა, ლარის კურსის დასტაბილურება", - ნათქვამი იყო თიბისი კაპიტალის 24 სექტმბრის კვლევაში.

როგორც კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჯერ კიდევ აგვისტოში (როდესაც განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით გაიზარდა) განაცხადა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას.

"ინფლაციური წნეხი მაღალია რაც მონეტარული პოლიტიკის მკაცრ დონეზე გახანგრძლივებულად შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი თავისთავად მაღალ რეფინანსირების განაკვეთს მოიაზრებს", - განმარტა კობა გვენეტაძემ.