ეკონომიკა
01/11/2021

TBC Capital: ლარის მკვეთრი გამყარების და გაუფასურების აპეტიტს ვერ ვხედავთ

TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის მიმოხილვის მიხედვით, ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური ფაქტორები არ შეიმჩნევა, რასაც გაზრდილი ფულადი გზავნილებიც აბალანსებს, ამის გამო კი TBC Capital–ი ბაზარზე უკვე საპირისპირო მიმართულებით სავალუტო კონვერტაციებს მოელის.

სებ-მა 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის გაძვირების გარდა, ინფლაციის მატება საერთაშორისო სატრანსპორტო ხარჯების ზრდით არის გამოწვეული.

ასევე, სებ–ის მიხედვით, მაღალი ინფლაციური მოლოდინების საფრთხე კვლავ აქტუალურია და პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაში დარჩა. ეკონომიკის ზრდის მხრივ კი, აღინიშნა, რომ მთლიანი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და სებ-მა 2021 წლისთვის პროგნოზი 8.5%-დან 10.0%-მდე გაზარდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ M2-ით გამოხატული ლარის მიწოდება გარკვეულწილად აღდგა, ის მაინც ზომიერი რჩება. 

"ბაზარზე ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლებიდანაც ჩანს. ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია.

იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს თიბისის მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა გამოიწვიოს."–– ნათქვამია, მთავარი ეკონომისტის ანგარიშში. 

გამომდინარე იქიდან, რომ TBC Capital–ი არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ხედავს, არ გამორიცხავს, რომ  ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის.