ტარიფების ლიბერალიზაცია - რა შესაძლებლობას იძლევა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე "დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები" ფორუმს "ბიზნესპარტნიორთან" დადებითად აფასებს და საქართველოსა და თურქეთისთვის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესების დაკავშირების კარგ საშუალებად მიიჩნევს.
"ფორუმზე მოწვეული იყვნენ თურქეთისა და საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომდგენლები. ასევე სიმბოლური იყო, რომ ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა 2016 წლის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა, რომელიც მოიცავს დამატებით გარკვეულ პროდუქციაზე ტარიფების ლიბერალიზაციას. რიგ შემთხვევაში მოხდა კვოტების გაზრდა, იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესშია, მაგალითად ცოცხალი ცხოველი, საქონლის ხორცი, თაფლი და სხვა. ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ხილსა და ჩირზე კვოტების ზრდა და მათ შორის, ტარიფების განულება ახალი კვოტების ფარგლებში.
ამ გადაწყვეტილებებზე ბოლო 5 წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საქართველომ მიაღწია ისეთ შეთანხმებას, რომელიც წლების განმავლობაში კერძო სექტორის ინტერესს წარმოადგენდა, რაც თავისთავად დაბალანსებულ ვაჭრობას, გაზრდილ ექსპორტს და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობას ნიშნავს. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებას დაემატა ახალი თავი, აღნიშნული სიახლით კი ექსპორტიორები შეძლებენ, რომ გამარტივებული წესით, დამატებითი ბარიერებისა და მოთხოვნების გარეშე, მიაწოდონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისი თურქულ მხარეს. აქ იგულისხმება ტურიზმის მიმართულება და ტელეკომუნიკაციებიც, რომელიც აღნიშნულნა შეთანხმებამ მოიცვა." - აღნიშნავს გენადი არველაძე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი".
მისივე თქმით, ღონისძიებაზე დრო დაეთმო იმ პროდუქტების იდენტიფიცირებას, რომელმაც შესაძლებელია ისარგებლოს მინიჭებული შეღავათით და მოგვცეს შესაძლებლობა თურქული ნედლეული გამოყენებული იქნას ქართულ წარმოებაში.
"ეს დამატებით აჩენს ინვესტიციების მოზიდვის შანსებს. ღონისძიების მიზანი ასევე ერთობლივი საწარმოების და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებაა. კვლევის შედეგად დაახლოებით 16 პროდუქცია გამოვლინდა, რომელიც დააინტერესებს ქართველ და თურქ ინვესტორებს, როგორც ერთობლივი საწარმოების დაფუძნების მიზნით, ასევე ცალკეული ინვესტიციების თვალსაზრისით," - ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საერთაშორისო პარტნიორებმა ფორუმი „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გამართეს. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების, აშშ - ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID), ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, აგრეთვე მეწარმეები საქართველოდან და თურქეთიდან.
ღონისძიების მხარდაჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა.