თამარ ბუაძე: კანონი "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" ევროინტეგრაციისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
USAID -ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში გადახდისუუნარობის რეფორმის დაწყების შემდეგ გადახდისუუნარო კომპანიების დიდი ნაწილი უფრო მეტად რეაბილიტაციას მიმართავს, ვიდრე გაკოტრებას.
თამარ ბუაძის განმარტებით, კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ , რომელიც ორი წლის წინ შევიდა ძალაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ევროინტეგრაციისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
„კანონის სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ დიდი აქცენტია გაკეთებული კომპანიის რეაბილიტაციაზე. წინა კანონის მოქმედების პერიოდს რომ შევადაროთ, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ რეაბილიტაციის კუთხით სასამართლოში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უმეტესი კომპანიები, რომლებიც გადახდისუუნაროები არიან, რეაბილიტაციას მიმართავენ, ვიდრე გაკოტრებას. აღნიშნული კანონი ისეთ გარემოს ქმნის, რომ კრედიტორებსაც და ინვეტორებსაც, რომლებმაც კომპანიაში ინვესტირება განახორციელეს, შესაძლებლობა აქცთ მეტი თანხა დაიბრუნონ. ეს კრიტერიუმი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორებისთვის, ამითიც აფასებენ ქვეყანაში საინვესტიციიო გარემოს.“-აღნიშნა თამარ ბუაძემ.
მისივე თქმით, გადახდისუუნარობის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ბიზნესს გაუჩნდეს მეტი ნდობა გადახდისუუნარობის სისტემის მიმართ და დროულად მიმართონ ამ სისტემას.
„ის აქტივობები, რომლებსაც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ახორციელებს, ხელს შეუწყობს ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას. რაც საბოლოო ჯამში უფრო მეტ ბიზნესს გადაარჩენს და დააბრუნებს ეკონომიკურ ბრუნვაში,“-აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელმა.
თამარ ბუაძის თქმით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ სასამართლოში გადახდისუუნარობის საკითხების განხილვის ვადები მნიშვნელოვნად შემცირდა.
„კანონით რაც არის ძალიან კარგი სიახლე, ეს გახლავთ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის შემოღება. გადახდისუუნარობიის პრაქტიკოსი ძალიან დიდ როლს თამაშობს მთელ პროცესში და ეხმარება სასაართლოს ძალიან ბევრი მიმართულებით. მეტი პრაქტიკა და მეტი საქმე, რომელიც თანდათან შევა სასამართლოში კი უფრო ნათლად გვაჩვენებს იმ საჭიროებებს, რაც ამ რეფორმის დახვეწის მიმართულებით გამოიკვეთება.“-აღნიშნა თამარ ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ გადახდისუუნარობის რეფორმის შედეგად მიღებული კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ 2021 წლის 1-ლ აპრილს ამოქმედდა.