სსფ მთავრობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვის კანონის მიღებას ურჩევს
ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული, რაც საქართველოს საჯარო ფინანსების მდგრადობაზე მზარდ რისკს წარმოადგენს, - ახალი შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექვსი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს ფინანსური მაჩვენებლები 2016-2018 წლებში მკვეთრად გაუარესდა, მათი აქტივების საშუალო რენტაბელობა 2018 წელს -4.8% იყო, მაშინ როცა 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.8%-ს შეადგენდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თავად სახელმწიფო კომპანიები 5 წლიან პერიოდში ფინანსური შედეგების მკვეთრ გაუმჯობესებას ელიან, თუმცა სავალუტო ფონდს ეს პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად მიაჩნია. ფონდი სახელმწიფო საწარმოების ვალსაც აანალიზებს, რაც ძირითადად უცხოურ ვალუტაშია აღებული, შესაბამისად, ლარის გაუფასურება კომპანიებზე მძიმედ მოქმედებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კომპანიებს სჭირდებათ ვალების რეფინანსირება და აქვთ ახალი დაფინანსების მიღების მოთხოვნილებაც, რაც მომავალი სამი წლის განმავლობაში 7.6 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს რიცხვი კი, მთლიანი შიდა პროდუქტის 18%-ია.
ფონდმა მთავრობისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავა. კერძოდ, 2021 წლის მეორე ნახევრამდე უნდა დამტკიცდეს სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული საწარმოების მართვის კანონი. უნდა გააფართოვდეს კომპანიების ფინანსური რისკის ანალიზი და უნდა შემუშავდეს სრულყოფილი მეთოდოლოგია კვაზი-ფისკალური საქმიანობების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით.