ეკონომიკა
30/11/2021

შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად,შესაძლოა თბილისის შემოვლითი, ფასიანი ავტომაგისტრალი აშენდეს

შემოვლითი რკინიგზის ბაზაზე, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს, - ამის შესახებ დღეს “საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტის განვითარებაზე 2011-2012 წლებში 230 მლნ დოლარი დაიხარჯა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის შეფასებით აღმოჩნდა, რომ პროექტი წამგებიანი იყო და პროექტი დაკონსერვდა. მისი განცხადებით, დღეს შემოვლითი რკინიგზის ადგილზე, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება.

„დაითვლება და თუ პროექტი  მომგებიანი იქნება და მოიძებნება  ინვესტორი, მაშინ განხორციელდება. ეს არის უნიკალური პროექტი. ვფიქრობ, ეს ავტომაგისტრალი უნდა იყოს ფასიანი. რატომ ფასიანი? რადგან არსებობს ერთი შემოვლითი გზა, რომელიც სულ გადატვირთულია და სულ სჭირდება შეკეთება მეწყერის და სხვა მოვლენების გამო. თუ ეს იქნება ფასიანი, გამოიძებნება ინვესტორი, რომელიც ამაში ჩადებს ფულს, ექსპლუატაციიდან ამოიღებს თანხას და თბილისს განტვირთავს დიდი სატრანსპორტო ნაკადებიდან, რომელიც უფრო და უფრო იზრდება. პროექტი საინტერესოა და იდეა მოწონებულია ყველგან სადაც ეს საკითხი დავსვით. მოვძებნეთ შესაბამისი ინვესტორი, მაგრამ პროექტი თუ ითხოვს X ლარის ინვესტიციას, მისი ამოღება უნდა მოხდეს 15 წელზე.

უფრო ნაკლებ დროში ინვესტიციის ამოღება ვერ მოხდება, ხოლო ფასებს ვერ აწევ ისე, როგორც იტალიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ავტობანებზეა. ქალაქის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა კვლევები ჩატარებული, რომელზეც ფრანგები და იტალიელები მუშაობდნენ,” - აცხადებს საგანელიძე.

მისი განმარტებით, კარგი იქნება თუ თუ დამატებით პრეფერენციებს მივცემთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გზა უნდა გააკეთონ.

„ცალსახაა, რომ ამ ინვესტიციის ამოღება რთულია, მაგრამ თუკი გზის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ტერიტორიას დეველოპმენტს გადავცემთ (და ეს იქნება იმისთვის, რომ ყველა მაინც და მაინც ვაკე-საბურთალოში არ იყოს განთავსებული), მაშინ შესაძლოა პროექტს დიდი ინტერესი მოყვეს. თუ  მოძებნიან ქართველ დეველოპერებს, ვისაც შესთავზებენ თავიანთ პირობებს და რომლებიც თავიანთი თანმხლები ბიზნესებით ამ პროექტს განახორციელებენ, მიმაჩნია, რომ პროექტი შეიძლება საინტერესო იყოს,”- აცხადებს დავით საგანელიძე.