შეამცირებს თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას
რამდენით შეამცირებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას? - “ბიზნესპარტნიორის” კითხვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს.
კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის პროგნოზი გარკვეულწილად უკვე მოიაზრებდა მონეტარული პოიტიკის გამკაცრებას.
"დღეს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10.5%-მდე გაზარდა, ამიტომ 2022 წლის ის 5%-იანი ზრდის პროგნოზში ცვლილების საფუძველი ნაკლებად გვაქვს. ამავე დროს, საკრედიტო აქტივობა მოსალოდნელზე უფრო მაღალი ზრდით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ამას გავლენა ვერ ექნება 2021 წლის ზრდაზე და ვფიქრობ, რომ ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება," - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
სებ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი დაბალი და სტაბილური ინფლაციაა, მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ეს სებ-ის მთავარი მიზნის მიღწევას არ აფერხებს, ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა.
"ამ პრიორიტეტების დალაგება იმ საყოველთაო ჭეშმარიტებიდან მომდინარეობს, რომ საზოგადოების გრძელვადიან გარანტიას სწორედ დაბალი და სტაბილური ინფლაცია წარმოადგენს, რომლის მიღწევის საშუალებაც ინფლაციის თარგეტირებაა.
რა თქმა უნდა, მიმდინარე ინფლაცია მაღალია ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა დაბალი მიზნობრივი მაჩვენებელი ინფლაციის შემცირებისათვის მონეტარული პოლიტიკის გატარებისკენ გვიბიძგებს," - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.