შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, კვლევას კომპანია იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ი ახორციელებს.
წყალქვეშა კაბელის საქართველოს ენერგოსისტემასთან მიერთება ქვესადგურ „ჯვარი 500“-ზეა დაგეგმილი. ამ დროისთვის საქართველოში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მარშრუტისა და ლოკაციის შერჩევის მიზნით, CESI-ს ექსპერტები იმყოფებიან.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრის ზვიად გაჩეჩილაძის განცხადებით, კომისიამ ანაკლიაში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ იგეგმება ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ზღვაში ჩასვლა, ხოლო მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები დაზუსტდება, როგორებიცაა: კაბელის მარშრუტი, გარემოს დაცვისა და სოციალური სკრინინგის საკითხები და ა.შ.
„ჩვენ ვიკვლევთ საქართველოსა და რუმინეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1100 კმ სიგრძის კაბელის მეშვეობით. უკვე შევარჩიეთ მარშრუტი და გარდამავალი სადგურების ადგილმდებარეობა. ვიზიტის მიზანია, განვსაზღვროთ, რა შედეგები გვაქვს კვლევის ამ ეტაპისთვის, გადავამოწმოთ ჩვენ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები, რათა ინფრასტრუქტურის მშენებლობით გამოწვეული ზემოქმედება მინიმალური იყოს გარემოს დაცვის და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნის თვალსაზრისით,“ - განაცხადა კომპანია CESI-ის წარმომადგენელმა და პროექტის მენეჯერმა სტეფანო მალგაროტიმ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელში €2.3 მლრდ-ის ინვესტირება იგეგმება.