სებასტიან მოლინეუსი: რეგიონი 2007-2008 წლების კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესიის წინაშეა
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისს ადარებს.
“მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური გამოცემის ძირითადი გზავნილია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესიის წინაშე აღმოჩნდა. რეალურად, ჩვენი პროგნოზით, რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნა 4.4% იქნება.
კარგი ამბავია ის, რომ ველოდებით ეკონომიკის აღდგენას მომდევნო წელს სავარაუდოდ 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონში, თუმცა პერსპექტივა ძალზე გაურკვეველია და გულახდილად რომ გითხრათ, ნეგატიურისკენ იხრება.
რეგიონული და რეალურად გლობალური რეცესია გავლენას მოახდენს საქართველოს მსგავს ღია, მცირე და ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყანაზეც. 2020 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ვარდნა დაახლოებით 6 პროცენტით. ეს ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ამდენად ზემოქმედება მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რითაც შესაძლებელი გახდა ოჯახებისა და ფირმების მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ჯანდაცვის სექტორში და სოციალურ პროგრამებში. ამან გარკვეული ბუფერი შექმნა შოკის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად. ასე რომ, თუ კრიზისი არ გახანგრძლივდა, თუ შეიქმნა ვაქცინა, საქართველოშიც დაიწყება აღდგენის პერიოდი. ველოდებით, რომ აღნიშნულს ადგილი 2021 წელს ექნება და სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტს მიაღწევს. მაგრამ ისევ და ისევ უნდა აღინიშნოს ბევრი გაურკვევლობა ამ თვალსაზრისით, რაც ყურადღებით დაკვირვებას მოითხოვს.
დაბოლოს, მსურს გავიმეორო, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდით დგას COVID-19 -ის პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან და კვლავაც გავაგრძელებთ ქვეყნის საკონსულტაციო, ფინანსურ და საორგანიზაციო მხარდაჭერას,” - ამბობს მოლინეუსი.