ეკონომიკა
02/02/2022

სებ: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის მიუახლოვდება

ეროვნული ბანკი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად მაღალ ინფლაციას მიიჩნევს. ცენტრალურ ბანკში იმედოვნებენ, რომ მაჩვენებელი გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ მიზეზით კვლავ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა, 10.5%-იანი განაკვეთით.

სებ-ში განმარტავენ, რომ პანდემიურმა მდგომარეობამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალ გაურკვევლობას დაუდო სათავე და პოლიტიკის გამტარებლები გამოწვევების წინაშე დააყენა.

მაღალინფლაციური გარემო საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13.9%-მდე გაიზარდა. მიზეზების განმარტებისას სებ-ი აღნიშნავს, რომ წინა თვესთან შედარებით ამ ზრდის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების 2020 წლის სუბსიდიის საბაზო ეფექტი იყო და ეს იანვარ-თებერვალშიც დროებით შენარჩუნდება.

2021 წელს მაღალ ინფორმაციას კი ქვეყნის მთავარი ბანკი სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასებით ხსნის.

"შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, დროებითი ფაქტორების მილევასა და ფისკალურ კონსოლიდაციასთან ერთად, ინფლაციის ამ შემცირებას შეუწყობს ხელს", - განმარტებულია სებ-ის რელიზში.