ეკონომიკა
05/08/2020

სებ-ი ინფლაციის შემცირებას ელის

სებ-ს ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება.

"ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი მოთხოვნა უზრუნველყოფს. კერძოდ, ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 5 პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ზრდის პროგნოზის გადახედვა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდ მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე იკვეთებოდა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლავს. ამის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას ნელი ტემპით აგრძელებს და ამ ეტაპზე განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს.

წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7 პროცენტით შემცირდა. თუმცა აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით, ივნისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 97 პროცენტით შემცირდა. ექსპორტზე მოთხოვნაც სუსტი რჩება და ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, იმპორტიც წლიურად 22 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს", - ნათქვამია სებ-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ივლისში ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება განაგრძო და 5.7% შეადგინა, თვის დონეზე კი ფასები 0.5%-ით შემცირდა. 

Businesspartner