ეკონომიკა
17/01/2022

სარფიანი ბიზნესი, სტრატეგიული მდებარეობა - საქართველოს უპირატესობა ფინანსური ზონებისთვის

საქართველოში 2 ფინანსური ზონის შექმნას, როგორც ეკონომიკისთვის, ისე მოსახლეობისთვის ექნება დადებითი ეფექტი. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ფინანსური ზონები ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 

"ასეთ ზონას, როგორც წესი წინ უსწრებს ძალიან აქტიური დეველოპმენტი. ამ ტერიტორიაზე, გარდა იმისა, რომ სპეციალური რეჟიმი უნდა ამოქმედდეს - სამართლებრივი, რეგულატორული, ფისკალური, ასევე უნდა გაშენდეს მაღალი კლასის საოფისე თუ საცხოვრებელი ფართები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ უმასპინძლოს ამ საერთაშორისო კომპანიებს. ეს არის დამატებით ინვესტიციები", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, გარდა ამისა, დასაქმდება მოსახლეობა. 

"მსგავსი ზონის მომსახურებას სჭირდება ბევრი კადრი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბუღალტერია, აუდიტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და IT სერვისები, სხვადასხვა ტიპის კომუნალური მომსახურება.

ეს იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც საქართველოს დააპოზიცინირებს როგორც ფინანსურ საერთაშორისო ჰაბს, ამავდროულად შექმნის მაღალ კვალიფიციურ პროფესიებზე დამატებით მოთხოვნას. რა თქმა უნდა ეს არის მეტი კარიერული შესაძლებლობა ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისეთი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც მოქმედებს ბუღალტერიის სფეროში, აუდიტის და ბევრ სხვა სფეროში, რომელთა სერვისებიც დასჭირდება ზონას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

რა უპირატესობა აქვს საქართველოს და რატომ იქნება ასეთი ფინანსური ზონები მიმზიდველი საერთაშორისო კომპანიებისთვის, ამასთან დაკავშირებით მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანას ძალიან სტრატეგიული განლაგება აქვს - ერთდროულად შეიძლება მოემსახუროს, როგორვ აზიური ფინანსურ ბაზრებს, ისე ევროპულს. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის საქმიანობაში", - დასძენს ეკონომიკის მინისტრი. 

ნათია თურნავას თქმით, ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მაკროეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა. 

"საქართველო პოზიციონირებს, როგორც დასავლურ მოდელზე ორიენტირებული ბიზნესკანონმდებლობის განმავითარებელი ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, და არსებული ბიზნესკლიმატი, რომლითაც გამოვირჩევით ბევრ სხვა ქვეყანას შორის. ამას ემატება ის, რომ საკმაოდ ეფექტურია ჩვენთან ოფისების გადმოტანა და ბიზნესის კეთება, იმ თვალსაზრისით, რომ იგივე ევროპულ ქვეყნებთან და ბევრ აზიურ ქვეყანასთან შედარებით, უფრო დაბალია თუნდაც კომუნალური მომსახურების ღირებულება, ცხოვრების დანახარჯი და ბიზნესის კეთების ხარჯი - ეს რა თქმა უნდა ძალიან მიმზიდველი იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ფინანსური ცენტრები ორ ტერიტორიაზე განთავსდება - თბილისის ზღვასთან და აჭარაში, გონიოში. მინისტრმა განმარტა, რატომ შეარჩიეს კონკრეტულად ეს ორი ტერიტორია. 

"მსოფლიო პრაქტიკა როგორც აჩვენებს, მსგავსი ზონა უნდა იყოს განვითარებული მსხვილ ურბანულ ცენტრთან ახლოს, რადგან მომსახურების ისეთი სპექტრი უნდა მიეწოდოს, რომელიც დიდ ქალაქებში ვითარდება. განლაგებული უნდა იყოს საერთაშორისო აეროპორტებთან ახლოს. ამავდროულად, ეს უნდა იყოს ცალკე კომპაქტური ტერიტორია. აქედან გამომდინარე შეირჩა გონიო და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთება არა მხოლოდ სარფიანია, არამედ სასიამოვნოც. 

"ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საერთაშორისო კომპანიებს და დასაქმებულ ადამიანებს სასიამოვნო გარემო, ტურისტული გარემო, ძალიან ბევრი მიზიდულობის წერტილი, რომელსაც ისინი დაათვალიერებენ თან და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ პირველ რიგში ჩვენი უპირატესობოაა სწორი სტრატეგიული მდებარეობა, ძალიან ბევრი დასავლური ტიპის რეფორმაა გატარებული კანონმდებლობაში და არის ძალიან მაღალი რანგის გარანტიები ბიზნესისთვის, არის მაკროეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური გარემო", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ, საქართველოში 2 ფინანსური ცენტრის შექმნის შესახებ მთავრობის სხდომაზე დღეს პრემიერმა განაცხადა.