ეკონომიკა
22/02/2022

"საპენსიო მომსახურების სატენდერო პირობებზე, ეროვნული ბანკის პოზიცია მკაფიო უნდა ყოფილიყო" - გიორგი ცუცქირიძე

საპენსიო გასაცემლების შესახებ სატენდერო პირობების განსაზღვრის საკითხს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
 
"საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკის შერჩევის კრიტერიუმის განსაზღვრაზე, ერთი შეხედვით პოზიტიურად მოჩანს. კერძოდ, ამ ტიპის სესხებზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი სებ-ის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს მიება, შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისას, წლიური ნომინალური პროცენტიც დაიწევს. ტენდერში მოგებულ ბანკს ან ბანკებს კი აღნიშნული პირობის შესრულება მომავალი წლის დასაწყისიდან მოუწევთ.
 
თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება გარეგნული მიმზიდველობის მიუხედავად, რისკებთან ერთად, ნაჩქარევ და პოლიტიკურ ელფერსაც ატარებს.
ამ სახის სატენდერო პირობების დადგენას ეფექტი მაშინ ექნებოდა, თუ დღეს საპენსიო თანხების მომსახურე „ლიბერთი ბანკის“ საპროცენტო განაკვეთები არასაბაზრო იქნებოდა ან ბანკს ექნებოდა ამ ტიპის სეხებზე ექსკლუზიური უფლება. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად შემცირებისას, საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ისედაც დაბლა იწევს.
 
სამწუხაროდ, არა მგონია, ამ სახის სატენდერო პირობად ქცევამ, ცალკეულ საკრედიტო პროდუქტზე თვისობრივად რაიმე შეცვალოს კონკურენციის თვალსაზრისით, მით უმეტეს სესხის მომსახურების საერთო ხარჯი, არა ნომინალური, არამედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრება. ე.წ საპენსიო სესხი არის სამომხმარებლო სესხი და პირველი გაუგებრობაც აქ იწყება. ეს გადაწყვეტილება რამდენად ათანაბარ პირობებში აყენებს ნებისმიერ სხვა პირს ანუ არაპენსიონერს ამ ტენდერის მომგებ ბანკში, რომ მოინდომოს სამომხმარებლო სესხის აღება და მეორეც, პენსიონერებს რომლებსაც ლიბერტი ბანკში ერიცხებათ პენსია, და სარგებლობენ სამომხმარებლო სესხით, 4 ჯერ მეტი საკრედიტო დავალიანება სხვა ბანკებში უფრო მაღალი პროცენტით რომ აქვთ, ამით რა იცვლება? ან ხვალ ისევ რომ აიღონ სესხი არატენდერში გამარჯვებულ ბანკში, რა ტენდერის მომგები ბანკი ან ბანკები გაუკეთებს უპირობოდ რეფინანსირებას სატენდერო პირობით? ამ სახის ტენდერს მაშინ ექნებოდა კიდევ აზრი, პენსიონერებზე სამომხმარებლო სესხებს მხოლოდ ერთი ბანკი, ექსკლუზიურად, რომ გასცემდეს ანუ პენსიონერებს, რომლებსაც პენსია ლიბერტიში ერიცხებათ, სხვა საბანკო მომსახურებით ვერ სარგებლობდენ.
 
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, ეხება სისტემურ რისკებს. 2021 წლის მიხედვით, საბანკო მომსახურების ბაზარზე ბიზნესის კონცენტრაციის დონე საკმაოდ მაღალია. თუ ამას სისტემფორმირებადი ანუ 5 %-ზე მეტი აქტივების მქონე ბანკების მაგალითზე ვნახავთ, ასეთი სულ 3 ბანკია. აქედან, უმსხვილესი ორი კომერციული ბანკის(თი ბი სი ბანკი და საქართველოს ბანკი) წილი სისტემის მთლიან აქტივებში 75 % -ია, მესამე ლიბერთი ბანკია“ 5.1 %-ით, შედარებისათვის აქტივების სიდიდით მეოთხე ბანკის ვი თი ბი ბანკის, ხვედროთი წილი მხოლოდ 3.5 %-ია.
2015 წლიდან მოყოლებული, სისტემფორმირებადი წამყვანი ორი ბანკის ხვედრითი წილი მთლიან აქტივებში 54 % დან 75 %-მდე ანუ მთელი 20 %-ით არის გაზრდილი, საიდანაც ჩანს, რომ სისტემური ბანკების აქტივების ზრდა დიდწილად განპირობა არა სისტემური ბანკების რაოდენობის ზრდამ ანუ კონცენტრაციის შემცირებამ, არამედ სიდიდით პირველი ორი ბანკის აქტივების მნიშვნელოვანმა ზრდამ.
 
რეალურად ასეთი მაღალი კონცენტრაცია ბუნებრივად ატარებს ოლიგოპოლიურ ნიშნებს, სადაც ისეთი საბაზრო სტრუქტურაა როდესაც ორი მსხვილი ბანკი კლიენტურას სთავაზობს მთელი პროდუქციის დიდ ნაწილს და შესაბამისად, ფასთა კონკურენციასაც ნაკლებად აქვს ადგილი ოლიგოპოლიის დროს. წამყვანი ბანკების აქტივების ზრდა კი დიდწილად განაპირობა, მაღალმა მოგებამ და მერეს მხრივ, ბაზრიდან გასული ბანკების მიერთებამ.
 
მართალია, ლიბერთი ბანკის აქტივები, 2021 წლის მიხედვით 2015 წელთან შედარებით გაორმაგდა გაიზარდა რა 1,57 მლრდ ლარიდან 3.11 მლრდ. ლარამდე, მაგრამ ბევრად ჩამორჩება წამყვანი ბანკების აქტივებს.
 
საქართველოში გაცილებით მაღალია ბაზრის კონცენტრაცია ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებშია და სადღაც 22-45 პროცენტის ფარგლებშია.
ნიშანდობლივია, რომ ბაზრის მაღალი კონცენტრაცია, ასევე ატარებს მაღალ სისტემურ რისკებსაც, და ეს განსაკუთრებით მგრძნობიარეა გლობალური შოკების დროს, მით უმეტეს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან ფინანსურ რესურსებზე არიან დიდწილად დამოკიდებული.
 
რეალურად ფილიალების და მომსახურების სერვის ცენტრების ქვეყნის მთელ ტერიტორიული განფენის თვალსაზრისით, ამ ტენდერში მონაწილეობის მიღება ამ 3 სისტემურ ბანკს თუ შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ ლიბერტი ბანკი გამოეთიშება ტენდერს ან უარს იტყვის ტენდერში მონაწილეობაზე, საბანკო კონცენტრაცია შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზრდება, კონკურენციის შემცირებით და ფასწარმოქმნაზე თანმდევი ნეგატიური ეფექტით. ეს არის ამ ტენდერის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკი, როდესაც არსებულ და აწყობილ მომსახურების სისტემას გაურკვევლობის ელფერს მატებ.
 
კრიზისებისას ბაზრის მაღალი კონცენტრაციის პირობებში, პრობლემები რომელიმე სისტემფორმირებად საკრედიტო დაწესებულებაში, ტოვებს არასაკმარის ბუფერს რისკების სამართავად, მათ შორის კლიენტურის სხვა ბანკებში გადანაწილების და საბანკო ოპერაციების წარმოების თვალსაზრისით, ამ ბანკების მცირე კაპიტალის გამო. მართალია, ცნობილი გამონათქვამია-იმდენად დიდია, რომ გაკოტრება შეუძლებელია, ეკონომიკაზე მოსალოდნელი ზარალიდან გამომდინარე, სახელმწიფოს იძულებულს ხდის მოახდინოს მათი ფინანსური დახმარება ან სულაც ნაციონალიზაცია, მაგრამ ეს პრობლემას ნაწილობრივ თუ ხსნის.
აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებისას ეროვნული ბანკის პოზიცია გაცილებით მკაფიო და არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო",- წერს ცუცქირიძე.