საპარტნიორო ფონდს სახელი ეცვლება - ვინ დააფინანსებს "საქართველოს განვითარების ფონდს" ?
საპარტნიორო ფონდის რეფორმა იწყება. საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი, დარგობრივ კომიტეტში ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.
კანონპროექტით ცვლილება შედის შესაბამის დებულებებში, რათა ფონდის სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით „საქართველოს განვითარების ფონდი“. პროექტით დაზუსტდება ფონდის მიზნები. გამკაცრდება ფონდის პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმები და მიმართულებები, განხორციელდება ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია.
აღნიშნულ ცვლილებებზე "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მკაცრდება პროექტის დაფინანსების კრიტერიუმები, რომლებსაც სამომავლოდ ფონდი დააფინანსებს. როგორც ჯორბენაძემ განაცხადა, დაფინანსების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი.
გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელშიც სამომავლოდ ფონდი ინვესტიციას განახორციელებს. ეს არის მაღალტექნოლოგიური, ეკომეგობრული და ინოვაციური წარმოება, ასევე სტარტაპები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე წარმოება და სხვა ნებისმიერი ნებადართული საქმიანობა გარდა სათამაშო ბიზნესისა.
„მკაცრდება ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც საპარტნიორო ფონდი მონაწილეობას მიიღებს პროექტებში. დღევანდელი მონაცემებით საპარტნიორო ფონდი კაპიტალში არ შედის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით. თუმცა, კანონს დაემატა საკითხი, რომ საპარტნიორო ფონდი როგორც წესი განიხილავს იმ პროექტებს, სადაც მისი მონაწილეობა მინიმუმ 3 მილიონი ლარია, თუმცა პროექტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა," -აცხადებს ჯორბენაძე.
ცვლილებები შეეხო პროექტების განხორციელების პირობებსაც, რომელიც თანადაფინანსების გარეშე ვეღარ განხორციელდება.
რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა შეირჩეს, რომლის კრიტერიუმებსაც მთავრობა განსაზღვრავს.
ცნობისთვის, გარდამავალი ეტაპისთვის კანონმდებლობით 90 დღეა გამოყოფილი, რომლის პერიოდშიც წესდების ახალი რედაქცია უნდა დამტკიცდეს, განახლდეს სამეთვალყურეო საბჭო და ფონდმა ახალი სახელით დაიწყოს ფუნქციონირება.