ეკონომიკა
30/11/2021

"საპარტნიორო ფონდს დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია,ეს რესურსი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს"

„მოხარული ვარ, რომ მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა, სადაც ფონდის რეორგანიზაციის გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ინიციატივით მოეწყო.

საგანელიძის თქმით, ფონდის რეორგანიზაციის საკითხი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის შედეგად უნდა გადაწყდეს და ფართო კონსენსუსის საგანი და შედეგი უნდა იყოს.

„მსგავსი განხილვების ინიციატივა კარგია და  ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია და ანალიტიკოსი ჩაერთვება ამ პროცესში. იმედი მაქვს, საპარლამენტო განხილვებიც მალე დაიწყება და სავარაუდოდ, მოკლე ხანში კანონპროექტის ვერსიასაც ვიხილავთ“, – აღნიშნა საგანელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ფონდის დაფინანსების გზებსა და წყაროებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტორს განსხვავებული პოზიციები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მთავრობაში ჯანსაღი მსჯელობა მიმდინარეობს, რაც კონსესუსის მიღწევის წინაპირობაა.

„ის რომ ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა  ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანის პოზიცია, ხოლო ამ აზრს ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებდა, მიმაჩნია, ჯანსაღი დუღილის პროცესად. მსჯელობების და  დაინტერესებული საზოგადოების  ჩართულობის შედეგად  მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე. პირადად მე ვფიქრობ, ფონდს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე წარმატებით წარმართოს მანდატით განსაზღვრული საქმიანობა.

მთავარი იქნება ის, რა მანდატი განესაზღვრება ფონდს რეორგანიზაციის შედეგად, რა აქტივების მფლობელი დარჩება, ან დაუბრუნდება თუ არა სახელმწიფო საწარმოებში ფონდის მიერ ჩადებული სახსრები და სხვა“, – განაცხადა საგანელიძემ.

დავით საგანელიძე ამბობს, რომ იზიარებს სავალუტო ფონდის მოსაზრებასა და რეკომენდაციას, რომ „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იმართებოდეს სრულიად სუვერენულად და დამოუკიდებლად, ანუ მთავრობის ჩარევის გარეშე. დღეისათვის, ფონდის ბორდი დიდწილად მთავრობის წევრებისგან შედგება და სწორედ ბორდი ამტკიცებს პროექტებს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, მომავლშიც, ნებისმიერ გონივრულ ფორმატში განაგრძოს მსჯელობა და ფონდის რეორგანიზაციისა და შესაძლებლობების თაობაზე მოსაზრებების გაცვლა, მედიასთან იქნება ეს თუ სამოქალაქო სეტორის სხვა დაინტერესებულ მხარესთან.

აფბას ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საჯარო განხილვების პროცესის დაწყების ინიციატივაზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობის გამოხმაურება ცალსახად დადებითი ფაქტია.

“სამოქალაქო სექტორთან დიალოგში ფონდის აქტიური ჩართულობა და  ექსპერტული წრისთვის სტრუქტურის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის წარმოჩენა,  დარწმუნებული ვარ, საკითხზე შემდგომ მსჯელობას კიდევ უფრო საინტერესოს, საქმიანს და საგნობრივს გახდის “, – აღნიშნა აფბას ხელმძღვანელმა.

ბანკები და ფინანსები