ეკონომიკა
16/10/2023

"სამუშაო ადგილები ბევრია, კვალიფიციური სპეციალისტები კი ნაკლები“ - გიორგი ბერაია

საქართველოში სწავლის მიღების მსურველთა 70% აკითხავს უმაღლეს სასწავლებლებს, 20-30% კი პროფესიულ კოლეჯებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ბერაიამ  განუცხადა.

მისი თქმით, მთელს მსოფლიოში ეს ბალანსი პირიქითაა და იქ ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი პროფესიულ განათლებას ირჩევს.

„ამიტომ,დროთა განმავლობაში,  საქართველოში არსებული ბალანსი უნდა დაირღვეს, ოღონდ, ბუნებრივად და არა ხელოვნურად. უნდა მოხდეს პოპულარიზაცია პროფესიული განათლების და იმ პროფესიებისა, რომლებიც კოლეჯებში ისწავლება. ასეთი დაახლოებით 200-მდეა და ყველა არ არის დაკავშირებული მაინც და მაინც ხელობასთან. არსებობს ისეთი პროფესიებიც, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტთან, ინტელექტუალურ საქმიანობასთან, არის - ბულაღლეტია, ჯანდაცვის პროგრამები, ინჟინერია, არქტიტექტურა, სხვა უამრავი ისეთი სპეციალობა, რომლებიც ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია, არის მაღალანაზღაურებადი“, - აღნიშნა გიორგი ბერაიამ.

რაც შეეხება ბიზნესექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ბერაია განმარტავს, საქართველოში არსებული ბიზნესები  ჩვენგან კვალიფიციური კადრების მიღებას ელოდებიან.

"უმუშევრობა გამოწვეული არ არის იმით, რომ არ არის სამუშაო ადგილები, პირიქით, სამუშაო ადგილები ბევრია, კვალიფიციური სპეციალისტები კი ნაკლები. ამიტომ, ბიზნესსექტორთან ერთად ვციდლობთ, გამოვუშვათ კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადვილად გამოჩნდებიან შრომით ბაზარზე და დასაქმების ადგილებზე მოხვდებიან“, - განმარტა გიორგი ბერაიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალი ინიციატივით, 2024 წლიდან სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვა დაიწყება. საწყის ეტაპზე, საპილოტე სკოლები შეირჩევა, სადაც მე-10-ე - მე-12-ე კლასების მოსწავლეებს ზოგადი განათლების საგნებთან ერთად, შეეძლებათ პროფესიულ განათლებასაც დაეუფლონ.

მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში, პროფესიული კოლეჯების განვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, წელს პროფესიული განათლების ბიუჯეტი 95 მილიონი ლარი იყო.

Businesspartner