"საქმე უფრო მეტად სტატისტიკურ ცვლილებასთან გვაქვს, ვიდრე უმუშევრობის რეალურ ზრდასთან"
უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვიგებთ. როგორც ირკვევა, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მიუხედავად რატომ გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ამ კითხვით „აფბსა” ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მივმართეთ.
როგორც ბაირახტარი ამბობს, ამ შემთვევაში საქმე უფრო მეტად სტატისტიკურ ცვლილებასთან გვაქვს, ვიდრე უმუშევრობის რეალურ ზრდასთან.
„გასული მძიმე პანდემიური წლისგან განსხვავებით, წელს ძალიან ბევრი ეკონომიკური შეზღუდვა მოიხსნა, ბევრ ბიზნესს მიეცა სრულფასოვნად მუშაობის საშუალება, რაც სწორად მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, გასულ წელთან შედარებით უმუშევრობის ზრდა ალოგიკურად გამოიყურება.
საქმე ის გახლავთ, რომ გასულ წელთან შედარებით, მოიმატა სამუშაო ძალამაც, ანუ გაიზარდა სამსახურის მაძიებელთა რიცხვიც. ამ ზრდამ 2.5%-ი შეადგინა. თუ შევხედავთ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, სწორედ ამდენივეთი გაიზარდა უმუშევრობის დონე. ანუ რა მოხდა?! გასულ წელს ის ადამიანები ვინც საერთოდ არ ეძებდა სამუშაოს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, და შესაბამისად, სტატისტიკურ მონაცემებში არ ასახულან, მათ წელს დაიწყეს სამუშაოს ძიება და შესაბამისად სტატისტიკურ მონაცემებშიც გამოჩნდა ეს ხალხი. აქედან გამომდინარე, წმინდა ტექნიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე.
ცალკე აღებულ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 1%-ით არის გაზრდილი. რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს ეკონომიკური შეზღუდვები მოვხსენით და ბიზნეს მუშაობის უფლება მიეცა, – აღნიშნა ბაირახტარმა საკითხის კომენტირებისას.
"ბანკები და ფინანსები"