ეკონომიკა
04/04/2023

სახელმწიფო უცხოეთში დასაქმების საშუამავლო კომპანიების კონტროლს იწყებს

დასაქმების საშუამავლო კომპანიებისთვის აკრედიტაციის და სერტიფიცირების ვალდებულება ამოქმედდება. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში კი მათ რამდენიმეათასიანი ჯარიმები დაეკისრებათ, რასაც შრომის ინსპექცია აღასრულებს.

საშუამავლო კომპანიებზე რეგულაციების ამოქმედების მიზნით ცვლილებები იგეგმება კანონებში: „შრომითი მიგრაციის შესახებ" „შრომის ინსპექციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონები და შრომის კოდექსში.

ჯანდაცვის კომიტეტში კანონებში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განმარტებით,  2015 წლიდან მოქმედებს კანონი მიგრაციის შესახებ, რომელიც არეგულირებს მხოლოდ იმიგრაციის საკითხს და არ არეგულირებს ემიგრაციას და ეს სფერო დარეგულირებულია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით.

როგორც თამილა ბარკალაიამ საკითხის საკომიტეტო განხილვაზე აღნიშნა, საშუამავლო სააგენტოები მოქალაქეებს უცხეოთში სხვადასხვა ტიპის დასაქმებას სთავაზობენ, მაგრამ რეგულაციები, სტანდარტები და აკრედიტაციის გავლა მათ არ მოეთხოვებათ და, შესაბამისად, მათზე სახელმწიფო კონტორლი არ ვრცელდება. სახელმწიფო არაა ინფორმირებული მათი საქმიანობის შესახებ და ვერც ხარისხს აკონტროლებს - რა ტიპის შეთავაზებებს უკეთებენ ისინი მომხმარებლებს და, ზოგადად რამდენად რეალისტურია უცხოეთში დასაქმების შეთავაზებები.

რაც შეეხება უცხოეთიდან საქართველოში მუშაობის მიზნით ჩამოსულ მოქალაქეებს, თამილა ბარკალაიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროის მიერ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ბინადორბების მიხედვით, 2015-დან 2021 წლის ჩათვლით ქვეყანაში 35 ათასი მოქალაქე დასაქმდა, ეკონომიკის სამინისტრომ კი 2019 წელს 44 ათასი ასეთი პირი დააფიქსირა. შესაბამისად, სანდო სტატისტიკა არ არსებობს.  სწორედ ამ ორ მიმართულებას - უცხოეთში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისა და საქართველოსი დასაქმებული უცხოელების კონტროლის მიზანს ემსახურება ცვლილებები, რომელთა მიღება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბარკალაიას თქმით, ცვლილებები საქართველოს მოქალაქეს დაიცავს არასათანადო შორმითი მოწყობის რისკისგან, ისეთ პოზიციაზე დასაქმებისგან, რომლის პირობები არ შეესაბამება არცერთ სტანდარტს, არაა შესაბამისი ანაზღაურება, ხელფასს საერთოდ არ მისცემენ და მოტყუებული დარჩება. 

მეორეს მხრივ, ბარკალაიას განმარტებით,  სახელმწიფოსთვის უცნობია, უცხო ქვეყნიდან როგორი კვალიფიკაციის მოქალაქეები არიან დასაქმებულები ადგილობრივ ბაზარზე. ამის გამო ვერ ხერხდება ადგილობრივი შრომის ბაზრის ანალიზი, რაც შესაძლებლობას შექმნის, მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივი მუშახელის და კვალიფიკაციის გაძლიერება და პრიორიტეტი მიენიჭოს ადგილობრივი მუშახელის ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებას.

მეორეს მხრივ, თამილა ბარკალაიას თქმით, უნდა წახალისდეს უცხოეთში წასვლის მსურველთა ლეგალური დასაქმება, რათა მათი უფლებები დაცული იყოს.

სწორედ ამას ემსახურება დადგეგმილი ცვლილებები, რომელთა თანახმად, შემოდის საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება, სერტიფიცირება იქნება სრულიად უფასო და განხორციელდება ჯანდაცვის სამინსტროს ბაზაზე. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაცია კი იქნება საჯარო, რათა მოქალაქეებისთვის ცნობილი იყოს იმ კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებმაც გაიარეს სერტიფიცირების პრპოცესი, აკმაყოფილებენ სტანდარტებს და ითვლებიან სანდო კომპანიებად.

სერტიფიცირებულ კომპანიებს სამინისტრო მომზადება-გადამზადებას შესთავაზებს, რათა ისინი ინფორმირებულები იყვნნენ მიმღებ ქვეყანაში არსებული შრომითი კანონდმებლობის და შრომითი უფლებების შესახებ და ჩაერთონ ცირკულარულ მიგრაციაში.

ბარკალაიას განმარტებით, ცირკულარული მიგრაცია ესაა დასაქმების შეთავაზება ორი ქვეყნის სახელმწიფო დასაქმების სააგენტოების შეთანხმების დაფუძველზე, ლეგალურად. ამასთან, მისივე თქმით, ამ ფორმატში დასაქმების შესაძლებლობები კიდევ  უფრო გაფართოვდება და ევროპის გარდა, სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. ამ ეტაპზე აღნიშნული შეთანხმებები მხოლოდ სამ ქვეყანასთანაა, ესენია საფრანგეთი, გერმანია და ისრაელი, მიმდინარეობს მუშაობა ბულგარეთთანაც.

კიდევ ერთი ვალდებულება ეკისრება უცხოელი მუშა ხელის ადგილობრივ დამსაქმებლებს, რომლებმაც, ცვლილებების თანახმად, დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ საიტზე უნდა ატვირთონ და სწორედ ამის საფუძველზე გასცემს იუსტიციის სამინისტრო შრომითი ბინადრობის ნებართვას, რაც დღეს პირდაპირ იუსტიციის სამინისტროდან ხდება. თამილა ბარკალაიას განმარტებით, აღნიშნული პლატფორმა უკვე მზადაა.

რაც შეეხება სანქცირებას, ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობისთვის პირველი ჯარიმა 3 ათას ლარს შეადგენს, დარღვევის გამეორებაზე 3500-ლარიანი ჯარიმა დაწესდება, მესამეზე - 4 ათასი, მეოთხესა და ყოველ მომდევნო დარღვევაზე კი - ამ თანხის სამმაგი ოდენობა. ადგილობრივი დამსაქმებელი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელშეკრულების ატვირთვის გარეშე დაასაქმებს, გადაიხდის 1000-ლარიან ჯარიმას, დარღვევის გამეორების შემთხვევაში - 2 ათასს, მესამე და მომდევნო დარღვევა უკვე 3 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ჯარიმები მკაცრდება საქმიანობის ანგარიშის წარუდგენლობაზე, რაც 1000-ლარიან სანქციას გულისხმობს, მესამე და მომდევნო დარღვევის შემთხვევაში კი ეს თანხა 4500 ლარამდე ადის. ამასთან, შრომის ინსპექციას მინიჭებული ექნება უფლება, მრავალჯერადი დარღვევების შემთხვევაში კომპანიას საქმიანობა საერთოდ შეუჩეროს.