ეკონომიკა
18/10/2023

საქართველოს "მწვანე“ ზრდის სტრატეგიაზე აქტიურად ვმუშაობთ - რომეო მიქაუტაძე

"მნიშვნელოვანია საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარება და გარემოს დაცვის უკეთ ინტეგრირება  ქართულ საწარმოებში, რაც ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ამ მიზნით, ჩვენ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს "მწვანე" ზრდის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე აქტიურად ვმუშაობთ.
 
მწვანე ზრდის მთავარი მიზნების ჩამონათვალში უმნიშვნელოვანეს მიმართულებად განსაზღვრულია: გამოყენებული მასალებისა და ნარჩენების გენერირების შემცირება; ნარჩენების რეციკლირება და მეორადი გამოყენება და ნარჩენებიდან ენერგიის მიღება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილ პირველ პლენარულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. 
 
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების წახალისებისათვის უდიდეს არეალს ქმნის ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულება. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია წიაღისეული საწვავიდან განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა, როგორიცაა მზე, ქარი, ჰიდრო და ბიომასა. 
 
"ენერგიის ამ წყაროებზე გადასვლა, ყველა სხვა გარემოებასთან ერთად, ამცირებს ამოწურვად რესურსებზე დამოკიდებულებას. განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად და განსამტკიცებლად. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის შიდა წარმოების უმეტესი ნაწილი ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის/ჰიდროენერგეტიკის წარმოებაზე, ჩვენი ქვეყნის მიერ განახლებადი ენერგიები განსაზღვრულია სექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად,"- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.  
 
პლენარული შეხვედრა ორგანიზებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ "ორქისი"-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "მმართველობის რეფორმის ფონდი" ქვეპროექტის "ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად" ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს. 
 
ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკური განვითარებისადმი სისტემური მიდგომაა, რომელსაც სარგებელი როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისა და გარემოსთვის მოაქვს. ეს ეკონომიკური კონცეფცია აგებულია ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრის, საქონლისა და ნედლეულის სარგებლობაში შენარჩუნებისა და ბუნებრივი სისტემების აღდგენის პრინციპებზე, რის გამოც მას ხშირად მდგრადი განვითარების მიზნებისა და მწვანე ეკონომიკას უკავშირებენ.
Businesspartner