"საქართველოს 160 000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, 400 000-ს შემოსავალი შეუმცირდეს"
მსოფლიო ბანკი საქართველოში წლის ბოლოსთვის მწვავე სოციალურ შედეგებს ელის.
ბანკის ანგარიშში მითითებულია, ეკონომიკა წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდება და COVID-ით ეკონომიკისთვის მიყენებული ზემოქმედება მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით.
"2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4%-ს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად", - ნათქვამია ბანკის ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი ამბობს, რომ საქართველოს ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით.
"მსოფლიო ბანკი ჩართული იყო COVID-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. და ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, - განმარტავს სებასტიან მოლინეუს.