ეკონომიკა
20/11/2021

საქართველომ IMF-თან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებები დაიწყო

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონისა და მისიის წევრებს შეხვდა.

მთავარი ყურადღება გამახვილდა ფონდთან დაგეგმილი ახალი სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები საშუალოვადიან პერიოდში, სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა შორისაა: სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და სხვა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალი პროგრამის დაწყების აუცილებლობაზე ქვეყანაში არაერთხელ აღინიშნა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემაც განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სსფ-ის პროგრამა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფონდის პროგრამა გაგრძელდეს.

ჯერ კიდევ ივლისში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ახალი მიზნები იქნება ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გზების დასახვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღის აქსელერაცია.

"ძირითადი პრიორიტეტები მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთანხმება და სტრუქტურული რეფორმები იქნება. ეს რეფორმებია სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით რეფორმები“,- აღნიშნა მაშინ მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა 2021 წლის აპრილში დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს 687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).