ეკონომიკა
19/12/2022

საგარეო ვაჭრობა 32%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.018 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2%-ით არის გაზრდილი.

"საქსტატის" მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 5.037 მლრდ დოლარია, რაც წლიურად 31.8%-ით არის გაზრდილი, იმპორტი 32.4%-ით 11.981 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საანგარიშო პერიოდში 6.944 მლრდ დოლარია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.

ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: ჩინეთი (660.7 მლნ. დოლარი), რუსეთი (597.9 მლნ. დოლარი) და აზერბაიჯანი (595.5 მლნ. დოლარი).

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.143 მლრდ დოლარი), რუსეთი (1.607 მლრდ დოლარი) და ჩინეთი (1.017 მლრდ დოლარი).

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.552 მლრდ დოლარი), რუსეთი (2.205 მლრდ დოლარი) და ჩინეთი (1.678 მლრდ დოლარი).

იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 932.9 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 762.8 მლნ. დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.1%), მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 454.8 მლნ. დოლარით (9%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.391 მლრდ დოლარი და მთელი იმპორტის 11.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.235 მლრდ დოლარით (იმპორტის 10.3%), მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 725.4 მლნ. დოლარით (იმპორტის 6.1%).