ეკონომიკა
19/10/2023

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.910 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია, -  ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 4.607 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11.303 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 18.2 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, 6.696 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

„2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (632.7 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (601.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (511.8 მლნ აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.861 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (1.399 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.364 მლრდ აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.195 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.876 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.471 მლრდ აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.566 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 438.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 9.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.5 მლნ აშშ დოლარით (4.2 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.282 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 816.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 392.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი),“- ნათქვამია 'საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Businesspartner