ეკონომიკა
30/03/2023
საფინანსო სექტორის TOP მენეჯმენტში ქალების მცირე ნაწილია დასაქმებული
„საფინანსო სექტორში TOP მენეჯმენტში ქალების მცირე ნაწილია დასაქმებული,"-ამის შესახებ ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა სალომე თვალოძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სექტორებს შორის, ქალების ჩართულობის მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფინანსო სექტორშია.
როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამას ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციებიც განაპირობებს.
მარეგულირებელი ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებს, რომლის თანახმადაც გენდერული ბალანსი როგორც ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ისე დირექტორთა საბჭოში დაცული უნდა იყოს.
„განსაზღვრულია შესაბამისი კვოტებიც. მაგალითად, ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების 33%-ს ქალები უნდა წარმოადგენდნენ. 2025 წლისთვის დაგეგმილია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს და გაუმჯობესდეს.
2021 წელს ფინანსურ სექტორში დაახლოებით 35 500-პირი იყო დასაქმებული, მათ 68%-ს ქალები წარმოადგენდენ, თუმცა მათი ძალიან მცირე ნაწილი იყო დასაქმებულ ტოპ მენეჯმენტში. ზოგიერთ ბანკში ეს მაჩვენებელი 10%-მდე იყო. შედარებით უკეთესი სიტუაციაა შუალედურ რგოლში, ქალების დაახლოებით 45% სწორედ შუალედურ რგოლშია დასაქმებული.
მიუხედავად გამოწვევებისა, გვიხარია, რომ მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო კვლავ ბევრია,"-აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა, სალომე თვალოძემ.