ეკონომიკა
23/03/2022

საფინანსო კომიტეტმა სოციალური დახმარების ინდექსაციას მხარი არ დაუჭირა - რა პოზიცია აქვს მთავრობას

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სოციალური დახმარების ინდექსაციის წესის შემოღების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს. 

"სოციალური დახმარების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ინდექსაციის წესის შემოღებას, ისე 2022 წელს დახმარების ერთჯერადად გაზრდას. 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის და ფასების მატების გამო, სოციალურად დაუცველ ოჯახებს არსებობისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობაც აღარ აქვთ. 

"ეს სოციალური დახმარება დადგინდა 2015 წელს და მას შემდეგ არ შეცვლილა. ამ წლების განმავლობაში კი, ბევრი ეკონომიკური პარამეტრი შეიცვალა. მაგალითად, ინფლაცის მაჩვენებელი. 2015 წლის ფასებს რომ შევადაროთ დღევანდელი ფასების დონე, სადღაც 47%-ით გაიზარდა. საუბარია საშუალო ფასების მაჩვენებელზე. მაგრამ თუ ვნახავთ ფასების ცვლილებას კონკრეტულ პროდუქტებზე, 2015 წელთან შედარებით, 113%-ით გაიზარდა ფასი ბრიჯნზე, ანუ გაორმაგდა, წიწიბურაზე 176%-ით, პურზე 50%-ით, ზეთზე 130%-ით და ა.შ", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. 

მთავრობამ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა. 

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ გასაცემელთან მიმართებაში ზოგადად ინდექსაციის პრინციპი სწორია. თუმცა, ეს ტარგეტირებულად, გარკვეულ ჯგუფებზე უნდა იყოს მიმართული და არ უნდა შეეხოს მაგალითად, შრომისუნარიან სოციალურად დაუცველს. 

"სოციალურად დაუცველთა ბაზაში ძალიან დიდი ოდენობის შრომისუნარიანი მოქალაქეები არიან. ძალიან მცირეა იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც მინიმუმ 1 შრომისუნარიანი მოქალაქე არ ცხოვრობს, რომელიც დამოკიდებულია სოციალურ გასაცემელზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე როდესაც საუბარია ინდექსაციაზე, უმჯობესია ტარგეტირებული იყოს. მაგალითად ვისაუბროთ მოწყვლად ბავშვებსა და შშმ პირებზე", - აღნიშნა თამილა ბარკალაიამ. 

მისი თქმით, მთავრობამ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა დაიწყო და პირველი მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში 7 000-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ გამოთქვა ინტერესი, რომ დასაქმდეს. 

"ვფიქრობთ, ამ პროგრამას პოზიტიური ეფექტი ექნება მათი შრომის ბაზარზე გადანაცვლებაზე. ასევე დავიწყოთ აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა სოციალური გასაცემლების მიმღებებთან მიმართებაში, რომელიც არის ღია შრომის ბაზარზე ვაკანსიების მობილიზება. ვერცერთი სოციალური გასაცემელი, მათ შორის 10 ლარით გაზრდილი, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმ ეფექტს ვერ მოახდენს, როგორც დასაქმება და ხელფასი. უფრო სწორი იქნება, კიდევ უფრო მეტად არ გავზარდოთ სოციალურ გასაცემელზე შრომისუნარიანი მოქალაქეების დამოკიდებულება", - განაცხადა თამილა ბარკალაიამ. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს სოციალური დახმარების ინდექსაციის წესის შემოღების რესურსი არ აქვს. 

"ყველაზე დიდ დანაშაულს გავაკეთებთ, თუ შრომისუნარიან მოსახლეობას გავუზრდით დახმარებას და არ გავაკეთებთ პირველ რიგში იგივეს შშმ პირების პენსიებზე. თუ რაიმე რესურსი გვაქვს, პირველ რიგში უნდა მივმართოთ ბავშვების ნაწილზე, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა. რესურსი შრომისუნარიანი მოქალაქეების ბაზარზე გაყვანაზე უნდა მივმართოთ და არა უბრალოდ დახმარების გაცემაზე. 

რაც შეეხება თანხების კუთხით, 2023 წელს ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ 3%-იან დეფიციტზე.  წლევანდელ წელს რომ შევადაროთ, დაახლოებით 700 მლნ ლარით ნაკლები ბიუჯეტი უნდა გვქონოდა, წელს 3%-იანი დეფიციტი რომ გვქონოდა. შესაბამისად, ისედაც საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებები მოგვიწევს იმ კუთხით, რომ მომდევნო წელს კიდევ 800 მლნ ლარით ნაკლები ბიუჯეტი უნდა გვქონდეს, ვიდრე გვაქვს წელს, რაც საკმაოდ ბევრი მიმართულებით ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

დღეს ამის რესურსი ბიუჯეტს სამწუხაროდ არ გააჩნია, თუნდაც ტარგეტირებულად გარკვეულ ჯგუფებზე იყოს მიმართული.  თუმცა 2023 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ და კონკრეტული ჯგუფი გამოვყოთ, რომელზეც ინდექსირების მექანიზმზე ვისაუბრებთ. 

გარდა ამისა, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით - პანდემიის შოკი გვქონდა, ამას დაემატა რეგიონული შოკი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

Businesspartner