ეკონომიკა
16/02/2022

პარლამენტს სოციალური დახმარების ინდექსაციის წესის შემოღების ინიციატივით მიმართეს

საკანონმდებლო ორგანოში სოციალური დახმარების ინდექსაციის წესის შემოღების ინიციატივა დარეგისტრირდა. ცვლილებას "სოციალური დახმარების შესახებ" კანონი ითვალისწინებს. 

მოქმედი კანონმდებლობით, საარსებო შემწეობის მოცულობა განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტით, მთავრობას ეს ვალდებულება შეუნარჩუნდება, თუმცა განესაზღვრება ყოველი წლის დასაწყისში საარსებო შემწეობის გაზრდილი მოცულობის დადგენის წესი. 

ამასთან, გარდამავალი დებულებით დგინდება, რომ 2022 წელს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების გამო, ინდექსაციის წესით საარსებო შემწეობის გაზრდის გარდა, განხორციელდეს ერთჯერადად საარსებო შემწეობის ნომინალური მოცულობის 10 ლარით ზრდა ბენეფიციართა სოციალური სარეიტინგო ქულის მიხედვით არსებული ყველა კატეგორიისთვის. 

ინდექსაციის წესი, თავის მხრივ გულისხმობს, რომ ერთის მხრივ მოხდეს გასული 12 თვის ინფლაციის, ანუ ფასების დონის ცვლილების შესაბამისად საარსებო შემწეობის მოცულობის ზრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ უზრუნველყოფილი იყოს ამ შემწეობის მსყიდველუნარიანობა, ხოლო მეორეს მხრივ, ინდექსაცია ასევე გულისხმობს რეალური ეკონომიკური ზრდის 6 კვარტლის საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებას, რაც, კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ემსახურება იმას, რომ ეკონომიკური ზრდა გახდეს მეტად ინკლუზიური. 

კანონპროექტით, პირდაპირი წესით ხდება საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შემწეობის მოცულობის ზრდა 2022 წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ლარით, ხოლო 10-15 ლარით მომდევნო წლების განმავლობაში (ინდექსაციის წესის შესაბამისად). 

"საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა 16 წლამდე წევრების დახმარების მოცულობა
გაიზრდება ყოველწლიურად ინდექსაციის წესით, რაც უზრუნველყოფს დადებით ზეგავლენას ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

ცვლილების თანახმად, 2022 წელს 20 ლარით, ხოლო შემდგომში, ყოველწლიურად საშუალოდ 15 ლარით გაიზრდება 16 წლამდე პირების საარსებო შემწეობის მოცულობა.

"2014 წლის შემდგომ, საარსებო შემწეობის ნომინალური მოცულობა არ გაზრდილა და ის ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულის შესაბამისად მერყეობს თითოეულ ოჯახის წევრზე 30-დან 60 ლარამდე (გარდა 16 წლამდე ასაკის წევრებისა, რომელთათვისაც დამატებით განსაზღვრულია 100 ლარიანი შემწეობა). ამავე დროს აღსანიშნავია, რომ 2015 წლის დასაწყისიდან 2021 წლის ბოლომდე, სამომხამრებლო ფასების ინდექსის (ინფლაციის) მაჩვენებელი გაზრდილია 45.5% ით. ამავდროულად, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ყოველთვიური მოცულობა შეადგენს 168 ლარს (2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით). აღსანიშნავია ასევე, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მზარდია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც 2021 წლის დასაწყისთან შედარებით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა 111 000 ადამიანით.

ამ მოცემულობის პირობებში, ნათელია, რომ დღეს არსებული საარსებო შემწეობა, როგორც სოციალური დახმარების სახე, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ღატაკი ოჯახებისთვის სოციალური უზრუნველყოფის სათანადო მექანიზმს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მხარდაჭერა არ არის მზარდი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების პროპორციულად და რეალური ეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად და შედეგად, ბენეფიციარს ვერ უნარჩუნებს მსყიდველუნარიანობას.

შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოხდეს საარსებო შემწეობის, მათ შორის, 16 წლამდე პირთა შემწეობის ინდექსაციის წესის განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს, რომ სოციალური შემწეობის მოცულობა გაიზრდება არანაკლებ ფასების დონის ზრდისა და რეალური ეკონომიკური ზრდის პროპორციულად, ყოველწლიურად ",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან, პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.

Businesspartner