ეკონომიკა
07/10/2020

საჭიროა გამოცდილების გამოყენება და ეკონომიკის ფართო ჩაკეტვაზე უარის თქმა - BAG

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, რათა არ მოხდეს ბიზნესის განმეორებით დაკეტვა.

ქვეყნის ყველაზე მსხვილი ასოციაცია სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტიურობას დადებითად აფასებს, რადენადაც პანდემიის ფონზე განვითარებული შოკის გამო ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესება უკვე ასახულია გაცვლით კურსში "თუმცა კურსის გადაჭარბებული მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციების განხორციელება“.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ლარის კურსზე და განსაკუთრებით კურსის მოკლევადიან კონიუქტურულ რყევებზე, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნეგატიური მოლოდინები. გაურკვევლობის უპრეცენდენტო ხარისხი დღევანდელ მსოფლიოში დიდ გავლენას ახდენს მოლოდინებზე. საქართველოში ნეგატიურ მოლოდინებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - კორონავირუსის ქეისების ზრდა და შედეგად მოსახლეობის და ბიზნესის არასწორი მოლოდინი დამატებით შეზღუდვებზე, მოახლოებული არჩევნები, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება თუ სხვა.

"მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო პარტნიორ დონორ ორგანიზაციებისგან პანდემიის გამო ეკონომიკაზე ნეგატიური ზეწოლის დასაბალანსებლად მოზიდული სახსრების ფონზე არსებობს  საკმარისი რესურსი, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე აქტიური ჩარევა განახორციელოს, რაც ვითარებას დაასტაბილურებს და ეროვნული ვალუტის წონასწორულ მაჩვენებელთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ ასევე დამაიმედებელია ხელისუფლების განცხადებები, რომ ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული. დიდი ალბათობით ბოლო დღეებში განვითარებული  პროცესი ძალიან წააგავს პანდემიის პირველი ტალღის დროს სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რამდენიმე დღიანი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ლარმა შეძლო გამყარება. ვფიქრობთ, ლარი ეხლაც ანალოგიურად შეძლებს გამყარებას.

ამ უჩვეულ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ყველანი ვიმყოფებით და რომელიც თავისთავად ქმნის დამატებით ნეგატიურ მოლოდინებს, ასევე აუცილებელია, რომ ხელისუფლების მიერ შენარჩუნდეს ეკონომიკის მინიმალურად შეზღუდვის პოლიტიკა, რომ ქვეყანამ მიიღოს რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური ზიანი. ვფიქრობთ, რომ  კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის სტრატეგიამ უზრუნველყო, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ადაპტაციის პოლიტიკისთვის აუცილებელი გამოცდილება, სამედიცინო, ადამიანური და ფინანსური რესურსები. ეხლა საჭიროა ამ გამოცდილების სრულად გამოყენება და ეკონომიკის უფრო ფართო ჩაკეტვაზე ცალსახად უარის თქმა. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ მასშტაბური ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ დგას და ამას ხელისუფლებამ თითქმის  ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გაუსვას ხაზი. პანდემიის პროცესის მართვა უნდა გაგრძელდეს იმ რეჟიმში, რომელშიც დღეს ხორციელდება - წერტილოვანი ინტერვენციებით და მიზნობრივი ლოკალური შეზღუდვების დაწესებით,“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

Businesspartner