ეკონომიკა
21/09/2020

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია შესაძლოა შეიცვალოს

საქართველოში შესაძლოა, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალოს, - ინიციატივით მთავრობას პარტია "ჩვენი საქართველი - სოლიდარობის ალიანსმა“  უკვე მიმართა.

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში“ განმარტავენ, რომ ამჟამინდელი ოფიციალური საარსებო მინიმუმი, მინიმალურ დონეზეც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის, როგორც სოციალური სუბიექტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ რესურსს და არ შეესაბამება ადამიანთა თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტებს. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტიამ მთავრობას შესთავაზა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საკუთარი სქემა, კერძოდ, საარსებო მინიმუმის რეალური სიდიდის დასადგენად უნდა მოხდეს შესაბამისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფა 3 მდგენელის გათვალისწინებით. ესენია:

1-ლი  მდგენელი:

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2020 წლის აგვისტოს ოფიციალური სტატისტიკით, 182.3 ლარია.  მოქმედი მეთოდოლოგიით, ამ თანხის 70% მოდის სურსათზე, ანუ საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი შეადგენს 127.61 ლარს. მაგრამ აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია ე.წ. "შევაჭრების კოეფიციენტის“ გათვალსწინებით, რომლის მიხედვითაც გამყიდველის მიერ თავდაპირველად დასახელებულ ფასთან შედარებით რეალიზაციის ფასი 13%-ით დაბალია. პარტიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროპორცია მეტ-ნაკლებად მისაღები იყო 15 წლის წინ და შევაჭრების კოეფიციენტის 5%-მდე შემცირების შემთხვევაში, საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი 9.2%-ით უნდა გაიზარდოს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასურსათი კომპონენტის ღირებულება იქნება არა 127.61 ლარი, არამედ 139.35 ლარი.

მე-2 მდგენელი:

მცენარეული კალორიების წილი უნდა იყოს 40%, ცხოველურის კი - 60%. პროპორციების ასეთი შეცვლის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი კიდევ უფრო გაიზრდება და საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი იქნება 182.27 ლარი.

მე-3 მდგენელი:

საარსებო მინიმუმში სასურსათო კომპონენტის წილი უნდა შემცირდეს 70%-დან 50%-მდე. რაც იმას ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით შეადგენს 364.54 ლარს, რაც ამჟამინდელთან შედარებით ფაქტობრივად, 2-ჯერ მეტია. 

"საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცისთვის 182.3 ლარს შეადგენს.

 

Businesspartner