ეკონომიკა
02/03/2022

"რუსული ენერგორესურსების აზერბაიჯანულით ან თურქმენულით ჩანაცვლება რთული არ იქნება"

ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების გადაწყობა და სხვა ბაზრების ათვისება ერთ დღეში არ ხდება, თუმცა, შეუძლებელიც არ არის, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ღაღანიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

მისი თქმით, 2021 წელს ჯამურად, რუსეთსა და უკრაინაზე ჩვენი ექსპორტის ¼-ზე ნაკლები მოდის, იმპორტის შემთხვევაში 1/6-ზე ნაკლები. შესაბამისად, იმაზე საუბრები, რომ ამის დაკარგვა ქართულ ეკონომიკას დაანგრევს, სწორი არ არის.

„ეს ყველაფერი სექტორალურ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ. კერძოდ, არის გარკვეული სექტორები, სადაც მოსალოდნელი უარყოფითი მაღალი იქნება.

მაგალითად, ორივე ქვეყანში, განსაკუთრებით რუსეთში ჩვენი ღვინო საკმაო რაოდენობით გადის. არსებული სიტუაციის გამო, ღვინის ექსპორტი აუცილებლად შემცირდება. დაახლოებით იგივე მოხდება უკრაინის შემთხვევაშიც.

იმპორტს თუ შევხედავთ, რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი ჩვენთვის მაღალია, მაგრამ ამის ჩანაცვლება აზერბაიჯანული, ან თურქმენული ნავთობპროდუქტებით, რთული არ იქნება,“ - აცხადებს ღაღანიძე.

მისი ინფორმაციით, შედარებით რთულადაა საქმე ხორბალთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს დამოკიდებულება ამ ნაწილში რუსულ იმპორტზე დიდია. თუმცა, როგორც ღაღანიძე აცხადებს, ეს საკითხიც მოგვარებადია.

ღაღანიძე ბაზრების ჩანაცვლების პარალელურად პროდუქტებზე ფასების ზრდასაც ვარაუდობს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს დროებითი ეფექტი იქნება.

„ამან შეიძლება გარკვეული დისკომფორტი შექმნას, მაგრამ კატასტროფული ნაკლებად მოსალოდნელია. 2007 წელს რუსეთმა სანქციები დაგვიწესა, დაიღუპა მაშინ ჩვენი ეკონომიკა? არა ხომ? მაშინაც ღვინის სექტორზე დიდი დარტყმა იყო, თუმცა, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართული კომპანიების პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მართალია ამას დრო დასჭირდა, მაგრამ მაინც...“ - აცხადებს ღაღანიძე.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან რუსეთში 497 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2020 წელს - 441,1 მლნ დოლარის, 2021 წელს - 610 მლნ დოლარის, 2022 წლის იანვარში - 42.7 მლნ დოლარის პროდუქციაა ექსპორტირებული.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2019 წელს რუსეთიდან საქართველოში 977.1 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2020 წელს იმპორტმა 888.4 მლნ დოლარი შეადგინა, 2021 წელს - 1.02 მლრდ დოლარი, 2022 წლის იანვარში - 85 მლნ დოლარი.

რაც შეეხება უკრაინას, 2019 წელს საქართველოდან უკრაინაში  251 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2020 წელს - 217,5 მლნ-ის, 2021 წელს - 307.3 მლნ-ის, 2022 წლის იანვარში -31.6 მლნ დოლარის პროდუქციაა ექსპორტირებული.

2019 წელს უკრაინიდან იმპორტმა საქართველოში 415.7 მლნ დოლარი შეადგინა, 2020 წელს - 390.5 მლნ დოლარი, 2021 წელს - 451.8 მლნ დოლარი, 2022 წლის იანვარში - 33.6 მლნ დოლარი.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინაში მეშვიდე დღეა ომია, რომლის შედეგადაც რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურებულია. რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა. რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო, სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა ტიპის სანქციები დააწესა, რუსეთთან და რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მსხვილი კომპანიები.