ეკონომიკა
07/02/2023

"რუსეთზე დამოკიდებულება რომ შესამცირებელია ამაზე ორი აზრი არ არსებობს"

„რუსეთზე დამოკიდებულება რომ შესამცირებელია ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, არსებული გარემო პირობებიდან გამომდინარე ვართ რუსულ ბაზარზე იძულებით მიერთებული,“ - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“  ისაუბრა.

როგორც ცნობილია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა, თუ რა შედეგებს მიიღებდა ქვეყანა  რუსეთზე  დაწესებულ სანქციებს რომ შეერთებოდა.

ვახტანგ ჭარაიას პროგნოზით, თუ რადიკალურ ნაბიჯებს არ ექნება ადგილი, აგრეთვე რუსეთის მხრიდანაც არ იქნება სანქციები, 2023 წელს  ქვეყანაში   5 %-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

„2022 წელს,  სანქციები  რომ დაგვეწესებინა, ეს  არა მარტო 2022 წელზე, არამედ მომდევნო წლებზეც აისახებოდა.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ აქტუალურია რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციის ამოქმედების სურვილი. იმ შემთხვევაში, თუ ამას გავაკეთებთ ჩვენ მივიღებდით იმ შედეგს, რომ უარეს შემთხვევაში -17%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა. საშუალო შემთხვევაში - 9.6%-იანი,“- აცხადებს ჭარაია.

ეკონომისტი აცხადებს, რომ არსებული კვლევის თანახმად ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკას 18 მილიარდიანი დანაკარგი ექნებოდა, რაც ჩვენი მწირი ეკონომიკისათვის საკმაოდ დიდი დანაკარგია.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთზე სანქციების დაწესებას გარკვეული ესკალაცია მოჰყვებოდა, არ ვგულისხმობ მაინც და მაინც სამხედროს, ეს გამოიწვევდა საქართველოში მინიმუმ რეინვესტირების ნაწილში ინვესტიციების შემცირებას“- აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

ცნობისთვის, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მონაცემებით, თუ ქვეყანა  რუსეთის მიმართ სანქციებს შეუერთებოდა, 2022 წელს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი დაახლოებით 10 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად საქართველო მიიღებდა:

  • უარესი სცენარით - 17.1 პროცენტიან ვარდნას;
  • შუალედური სცენარით - 9.6 პროცენტიან ვარდნას;
  • ოპტიმისტური სცენარით - 4.1 პროცენტიან ვარდნას.

მონეტარულ განზომილებაში, მიმდინარე ფასებში 2022 წლის ჯამური ზარალი იქნებოდა:

  • უარესი სცენარით - 18.0 მილიარდი ლარი;
  • შუალედური სცენარით - 13.2 მილიარდი ლარი;
  • ოპტიმისტური სცენარით - 9.6 მილიარდი ლარი.