როგორ შეცვალა უმუშევართა სტატისტიკა კვლევის ახალმა მეთოდოლგიამ - გოგიტა თოდრაძის შეფასება
"ახლაც და მანამდეც, ჩვენ ვეფუძნებოდით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას" - "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა დასაქმებულთა და უმუშევართა სტატისტიკის კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" ისაუბრა.
გოგიტა თოდრაძის თქმით, ახალი სტანდარტი ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის ინდიკატორების წარმოებას.
"ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმებულად აღარ ჩაითვლება საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირი, რომელიც თავისივე წარმოებულ პროდუქციას მოიხმარს საკუთრი მიზნებისთვის და არ არის ის ბაზარზე ორიენტირებული. ამ მეთოდოოგიური ხასიათის ცვლილებამ გამოიწვია ძირეული ცვლილებები დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკაში. კერძოდ, თუ 50%-ის ფარგლებში იყო თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა რაოდენობაში, ახლა ის 30%-მდე შემცირდა. ანუ დაახლოებით 483 000 თვითდასაქმებული გადაკვალიფიცირდა სხვა კატეგორიაში," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. კერძოდ: თუ პირი, ახალი სტანდარტის მიხედვით აღარ ითვლება თვითდასაქმებულად, ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად უმუშევარია. ამასთან, თოდრაძის თქმით, მეთოდოლოგიას, რომელსაც აქამდე გაანგარიშებისას იყენებდა
"საქსტატი", მიღებული იყო 1982 წელს.
"რაც შეეხება ახალ სტანდარტს, აღნიშნული სტანდარტი დანერგილია ევროკავშირის გარდა სულ რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორისაა აშშ, კანადა, იაპონია. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ახალი სტანდარტი დაინერგა. ამ სტანდარტის დანერგვა უზრუნველყოფს, რათა მაქსიმალურად რეალური სურათი დავინახოთ და განვსაზღვროთ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში დასაქმებულთა და უმუშევართა კუთხით," - განაცხადა თოდრაძემ.