ეკონომიკა
19/04/2023

"რიგ შემთხვევებში, დამსაქმებელი კომპანიები დამწყებ მეზღვაურებს სამსახურის დასაწყებად $3000-მდე თანხას სთხოვენ"

„ამ კანონის მიღება შექმნის ჯანსაღ სტანდარტს, რომ იყოს კონკურენცია თვითონ მეზღვაურების დამსაქმებელ კომპანიებს შორის“, -   ასე ეხმაურება   შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე და  საზღვაო აკადემიის მიწვეული ლექტორი ირაკლი შაქარიშვილი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ ახალ კანონს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.

მისი ინფორმაციით, კანონი მისი ამოქმედების შემდეგ, გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს.

კანონში, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლიდან ამოქმედდება, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება, მეზღვაურების დასაქმების პროცესში, მათ მიერ გაღებულ ხარჯებზე. კერძოდ,საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მეზღვაურის დასაქმებისთვის არ მოითხოვოს ირიბად ან პირდაპირ საფასური, სავიზო მოსაკრებლების ჩათვლით, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც მოეთხოვება მეზღვაურს პირადი სამგზავრო დოკუმენტების მისაღებად.

შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწის განმარტებით, ქვეყანაში ამჟამად არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი კომპანიები, დამწყები მეზღავურებისგან დასაქმების სანაცვლოდ, სოლიდურ თანხას იღებენ.

„თითოეულ მეზღვაურს, რომელმაც დაამთავრა სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ჩვენ ვაძლევთ მაქსიმალურ განათლებას. ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებული უკვე არის ერუდირებული იმ განხრით, რომ მან ძალიან კარგად იცის საზღვაო საქმე, რაც გვჭირდება გემზე.

ამასთან, საზღვაო აკადემია აღჭურვილია მაღალი სტანდარტების აღჭურვილობით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოქმედი მეზღვაურები აძლევენ ძალიან მაღალი დონის განათლებას სტუდენტებს. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის სტუდენტი და დამსაქმებელი კომპანია მას სთხოვს საზღაურს - ეს არ არის სწორი, რადგან ჩვენს სტუდენტეს ნებისმიერ წამყვან კომპანიაში შეუძლია, ნებისმიერი მაღალი დონის გასაუბრება გაიაროს.

ცხადია, ყველა დამსაქმებელზე იგივეს ვერ ვიტყვი, მაგალითად, მე ვცურავ Elvictor Crew Management Service Ltd Georgia-ში 2015 წლიდან დღემდე და ერთი თეთრიც არ მაქვს გადახდილი. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კომპანიები, დამწყებ მეზღვაურებს ართმევენ 2000-დან 3000 დოლარამდე. ამ კანონის მიღება კი ხელს შეუწყობს, რომ მეზღვაური დამსაქმებელს აღარ გადაუხდის არანაირ თანხას“, - განმარტა ირაკლი შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში მეზღვაურის შრომა უფრო დაცული გახდება. საკანონმდებლო ორგანოში, მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები, მათ შორის კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ განიხილეს.

კანონის ამოქმედება 2024 წლიდან იგეგმება.

 

Businesspartner