ეკონომიკა
07/10/2020

რეგიონში სიღარიბე დამატებით 2.2 მილიონ ადამიანს ემუქრება

ევროპისა და ცენტრალური აზიის  რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს - ნათქვამია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გამოცემაში. 

ბანკის ახალ ანგარიშში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება 2021 წლიდან, 1.1-დან 3.3%-მდე დიაპაზონშია მოსალოდნელი. პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა რისკები შესუსტებისკენ იხრება.

აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე, გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე.
 
პანდემიის გაუარესების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა რეგიონში შესაძლოა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდეს.
 
“გამოწვევებით აღსავსე ასეთ რთულ პერიოდში ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უშუალო კრიზისის მიღმა უნდა გაიხედონ და პოსტპანდემიური მდგრადი აღდგენისთვის მოემზადონ,“ - აღნიშნავს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტი ანა ბიერდე.
 
მისი განმარტებით, ეს ნიშნავს მართვის გაძლიერებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციის და ციფრული განვითარების განმტკიცებას. კრიტიკულად არსებითი იქნება მნიშვნელოვანი და მდგრადი ინვესტიცია ხარისხიან განათლებაში და ჯანდაცვაში.“
 
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს სიღარიბეს სავარაუდოდ რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს.
 
ანგარიშის შეფასებების მიხედვით, დღეში 3.20 დოლარის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში, სიღარიბეში დამატებით შესაძლოა 2.2 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს, ხოლო დღეში 5.5 დოლარის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში (რომელიც ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გამოიყენება) კი 6 მილიონი ადამიანი.
 
 
Businesspartner