რძის და ხორცის წარმოება იზრდება, კვერცხის მცირდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით,2020 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1 პროცენტით შემცირდა და 984.2 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.9 პროცენტით გაიზარდა და 12.5 მილიონ ფრთას მიაღწია.
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 197.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 167.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.4 პროცენტით ჩამორჩება.