ეკონომიკა
02/03/2022

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთსა და უკრაინაში

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე მისი ხანგრძლივობა განსაზღვრავს და ამ დროისთვის ზუსტად პროგნოზის გაკეთება ეკონომიკურ დანაკარგებზე რთულია. ცალსახაა, ორივე ქვეყანა საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

რუსეთიც და უკრაინაც TOP 10 სავაჭრო ქვეყანას შორისაა, 2021 წლის მონაცემებით, რუსეთი 11.4%-იანი წილით მეორე ადგილზეა, უკრაინა კი 5.3%-იანი წილით მეექვსე პოზიციას იკავებს.

საქართველოს ექსპორტიორ ქვეყნებს რუსეთი 14.4%-იანი წილით მეორეა, უკრაინა კი 7.2%-იანი წილით მეხუთე. ასევე მეორე ადგილზეა რუსეთი იმპორტიორ ქვეყნებს შორის 10%-იანი წილით, უკრაინა კი 4.5%-ით მეშვიდე.  

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთსა და უკრაინაში - "ბიზნესპარტნიორი" მონაცემები "საქსტატიდან" გამოითხოვა.

რუსულ ბაზარზე 2019 წელს $497 მლნ-ის ქართული პროდუქცია გაიყიდა, 2020 წელს კი $441,1 მლნ-ის, 2021 წელს მაჩვენებელმა $610 მლნ-ს მიაღწია, 2022 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში $42.7 მლნ-ის პროდუქციაა ექსპორტირებული.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, 2019 წელს რუსეთიდან საქართველოში $977.1 მლნ-ის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2020 წელს მაჩვენებელი $888.4 მლნ-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი $1.02 მლრდ-ს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში $85 მლნ-ის რუსული პროდუქცია შემოვიდა.

სასაქონლო ჯგუფებიდან რუსეთში 2019 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გაიყიდა ($133.2 მლნ), მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები ($114.5 მლნ), მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები ($60.6 მლნ) იკავებს.  ღვინო იყო ლიდერი პროდუქტი 2020 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქციას შორის ($119.5 მლნ), საექსპორტო კალათაში ასევე მეორე ადგილი ეკავა ($108.5 მლნ) ფეროშენადნობებს, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტმა კი $43.9 მლნ შეადგინა. 2021 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქციას შორის პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო ($171.8 მლნ) მოხვდა, მეორე პოზიციაზე კი ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა  ($130.8 მლნ) გადაინაცვლა, მინერალური და მტკნარი წყლები ($60.9 მლნ) კი მესამე პოზიცია შეინარჩუნა. 

რუსეთიდან იმპორტში 2019 წელს $200.2 მლნ-ით ნავთობი და ნავთოპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზეა $90.6 მლნ-ის ხორბალი, მესამე პოზიციაზე კი $41.8 მლნ-ით ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადებია. 2020 წელს იმპორტში კვლავინდებურად ნავთობი და ნავთოპროდუქტები ლიდერობს, $130.6 მლნ-ით. მეორე ადგილზე  იყო ხორბალი და მესლინი ($107.4 მლნ), მესამეზე - ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები ($47.8 მლნ). 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში $134.6 მლნ-ის ნავთობის და ნავთოპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. შემდეგ მოდიოდა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების  ($90.6 მლნ) და ხორბალი და მესლინის ($87.4 მლნ) იმპორტი.

რაც შეეხება უკრაინას, 2019 წელს უკრაინის ბაზარზე $250.9 მლნ-ის ექსპორტი გავიდა საქართველოდან, 2020 წელს - $217,5 მლნ-ის, 2021 წელს - $307.3 მლნ-ის, 2022 წლის იანვარში - $31.6 მლნ.

2019 წელს უკრაინიდან საქართველოში $415.7 მლნ პროდუქცია შემოვიდა, 2020 წელს - $390.5 მლნ-ის, 2021 წელს - $451.8 მლნ-ის, 2022 წლის იანვარში - $33.6 მლნ-ის.

სასაქონლო ჯგუფებიდან უკრაინაში საქართველოდან 2019 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილებია ექსპორტირებული ($80 მლნ), მეორე ადგილზე მოხვდა სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი ($35.6 მლნ), ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები ($31.9 მლნ). 2020 წელს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქცია ისევ მსუბუქი ავტომობილები იყო ($81.1 მლნ), მეორე პოზიცია კვლავინდებურად $37.3 მლნ-ით ეთილის სპირტს, სპირტიანი სასმელებს უკავია, მესამე ადგილზე კი $23.8 მლნ-ით ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი მოხვდა. უკვე 2021 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტის რაოდენობით პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილები  იყო ($88.1 მლნ) ,მას მოსდევდა ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები ($43.4 მლნ) და  სასუქები მინერალური ან ქიიური, აზოტოვანი ($38 მლნ). 

უკრაინიდან 2019 წელს $79.8 მლნ-ის სიგარეტის, სიგარელის, თამბაქოს და მისი შემცვლელების იმპორტი განხორციელდა. მას მოსდევდა $32.5 მლნ-ის წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან და $17.6 მლნ-ის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები. 2020 წელს საქართველოში უკრაინიდან $73.3 მლნ-ი სსიგარეტის, სიგარელის, თამბაქოს და მისი შემცვლელები  შემოვიდა. მეორე ადგილზე  იყო - წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან ($30.5 მლნ),მესამეზე - დაფასოებული სამკურნალო საშუალებები ($16.8 მლნ). 2021 წელს უკრაინიდან  საქართველოში $78 მლნ-ის ღირებულების სიგარეტის, სიგარელის, თამბაქოს და მისი შემცვლელების იმპორტი განხორციელდა. შემდეგ მოდიოდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან  ($23.1 მლნ) და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ($21.2 მლნ) იმპორტი.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინაში მეშვიდე დღეა ომია.