ეკონომიკა
20/01/2023

რა შედეგებია მოსალოდნელი, თუ კომპანია ელ.კომერციას არ განავითარებს

„ციფრული ეკონომიკის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები“ - ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, საჯარო და კერძო სექტორის მოსმენის საფუძველზე, თემატური მოკვლევა დაასრულა.  მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების და  გამოწვევების შესწავლა იყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა განუცხადა, დარგი, რომლის სწრაფი ტემპით განვითარებასაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ბიძგი პანდემიამ მისცა, ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება. იზრდება იმ ადამიანთა, თუ კომპანიების რიცხვიც, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში სულ უფრო ხშირად იყენებენ ციფრული ეკონომიკის ტექნოლოგიებს. თუმცა, ამ დრომდე რჩება რიგი გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაშიც, საქართველო შეძლებს, ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით ლიდერი სახელმწიფოების სიაში თავისი ადგილი დაიკავოს.

ეკა სეფაშვილის ინფორმაციით, თემატური მოკვლევიდან ირკვევა, რომ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი პირველი შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე შესაბამისი კანონდებლობის დახვეწაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან ციფრული ეკონომიკის მიმართ გარკვეული ინტერესი გაჩნდა და ამ დარგის ცნობადობის გაზრდის მიზნით, გარკვეული პროექტებიც განხორციელდა - დღემდე გამოწვევად სახელდება ცნობადობის გაზრდა და ტექნიკური უნარების განვითარებაც.

დარგის სპეციალისტები და ასევე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ციფრული ეკონომის განვითარების ეკონომიკურ სარგებელზეც საუბრობენ.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის  დირექტორი გიორგი ვეკუა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დღეს თუ ელექტრონული კომერცია არ აქვს ჩაშენებული კონკრეტულ კომპანიას თავის საქმიანობაში, ძალიან მალე მას ბიზნესიც აღარ ექნება.

„ციფრული ეკონომიკის განვითარების გზით საქართველოში არსებულ ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად სწრაფად გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე, მოიძიონ ახალი პარტნიორები, გაზარდონ დასაქმებულების რაოდენობა და მიიღონ გაზრდილი შემოსავლებიც. სწორედ ამიტომ, ყველა ინდუსტრია ცდილობს, მაქსიმალურად აუბას მხარი ამ პროცესს“, - აღნიშნავს გიორგი ვეკუა. 

კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ ციფრული ეკონომიკის პოტენციალის ათვისებით , ბიზნესის გარდა, სარგებელს ქვეყნის ეკონომიკაც ნახავს და ის უფრო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავა.

ცნობისთვის, საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წელსვე, თებერვალ-მარტის პერიოდში, შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ჯერ დაინტერესებულ მხარეებს წარედგინება, შემდეგ კი დამტკიცდება. რეკომენდაციები რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე რეკომენდაციები იქნება აკადემიური წრეებისათვის, რომ განათლების თვალსაზრისით მოხდეს მოდიფიცირება გარკვეული პროგრამების, რაც ხელს შეუწყობს  საზოგადოებისა და ბიზნესის მიერ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.