ეკონომიკა
04/07/2023
ავტორი: Business Partner

რა პროცედურები უნდა გაიაროს კომპანიამ ავტორიზებული ეკონომიკური სტატსუსის მოსაპოვებლად

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ და რა პროცედურები უნდა გაიაროს ავტორიზებული ეკონომიკური სტატსუსის მოსაპოვებლად - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა საუბრობს.

მისი თქით, არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმებისა, რომელსაც ბიზნეს-საბჭო მალე, ცალკე სახემძღვანელოდ გამოსცემს და დეტალურად გააცნობს ბიზნეს საზოგადოებას. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კი არის ის, რომ კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამართალდრღვევა არ უნდა ჰქონდეს.

„თუ რა იგულისხმება ამაში, დეტალურად გაწერილი იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ისიც, რომ კომპანია უნდა იყოს გადახდისუნარიანი. რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტრო ნახავს მის ბუღალტრულ ანგარიშებს და შეამოწმებს, თუ რამდენად საიმედო კომპანიაა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, აუცილებელია, კომპანიას ჰყავდეს შესაბამისი კადრები და გარკვეულ შემთხვევებში, მათ ჰქონდეთ საბაჟო საკითხებში სამწლიანი გამოცდილება.

ეს საკითხები, ერთი შეხედვით, შესაძლოა, რთულად შესასრულებელი ჩანდეს, თუმცა, ამ პროცესში ფინანსთა სამინისტრო გვევლინება ბიზნეს კომპანიების პარტნიორად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - მათ შეუძლიათ თითოეულ კომპანიას მისცენ შესაბამისი რეკომენდაციები“ - აცხადებს გიორგი კაჭარავა.

მისი თქმით, სტატუსის მოპოვების პროცესში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თვითშეფასების კითხვარი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

„როდესაც კომპანია გაეცნობა შეფასების კითხვარს, თავად მიხვდება შეუძლია თუ არა ამ სტატუსზე განაცხადის შეტანა და რამდენად მზად არის. თუ დაინახავს, რომ რაღაც საკითხში დამატებით კონსულტაცია სჭირდება, ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ უწევს კონსულტაციებს და გამოთქვამს მზაობას ამისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და დაეხმარება კომპანიებს, რომ განაცხადი, რომელიც თვითშეფასების კითხვართან ერთად შედის, სრულყოფილი იყოს“ - განმარტავს გიორგი კაჭარავა.

რაც შეეხება გაწერილ ვადებსა და პროცედურებს, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ვადები 120 დღემდეა გაწერილი, ყოფილა შემთხვევა, როცა კომპანია იმდენად მომზადებულა, რომ ერთ თვეშიც დასრულებულა პროცესი. ამ კუთხით, კი, მისივე თქმით, ხაზგასასმელია ფინანსთა სამინისტროს დახმარება.

„დავუშვათ, რომ კომპანიას სუსტი წერტილი აქვს რომელიმე რგოლში - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო წინასწარ აცნობებს კონსულტაციისას, რათა კომპანიამ მომზადებული და სრულყოფილი განაცხადი შეიტანოს. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ექსპორტის, იმპორტის, თუ ე.წ. ფორვარდინგის პროცედურები გაიმარტივოს, ამ სტატუსზე აუცილებლად უნდა შეიტანოს განაცხადი“ - ამბობს გიორგი კაჭარავა.

ავტორიზებული ეკონომიკური სტატუსის კონცეფციის დანერგვაში საქართველოს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ეხმარება.