რა ხარვეზები გამოვლინდა გადახდისუუნარობის კანონის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე?
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
გადახდისუუნარობის კანონის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე კანონში კონცეპტუალური ხარვეზები გამოვლინდა - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორმა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსმა გიორგი ბათლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხარვეზები ამ კონცეფციის უკან მდგომი იდეების სწორად განხორციელებაში გამოიკვეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ ჩანაწერში ბუნდოვანებაა - ეს კი მოსამართლეებს, კრედიტორებსა და პრაქტიკოსებს გარკვეულ ორაზროვნებას უჩენთ.
„ეს ბუნდოვანება აღმოსაფხრელია, რისთვისაც ორი გზა არსებობს - ერთი ის, რომ პრაქტიკაში, თვითონ სასამართლოსთან მიმართვიანობით დავაგდინოთ, მეორე კი არის საკანონმდებლო ცვლილებები. მე მაინც მგონია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ჯერ ადრეა, რადგან ორი წლის შუალედი ძალიან ცოტაა. ყველაფერი კარად უნდა გავზომოთ. ყოველ წელს ხომ არ გავიტანთ ცვლილებებს? ცვლილებების საჭიროება უნდა დაგროვდეს, რომ საკითხი გავიტანოთ.
სასამართლოს სასარგებლოდ უნდა ვთქვა - პრაქტიკამ დაადგინა - რაღაც ბუნდოვანება არსებობდა კრედიტორთა რეესტრის გასაჩივრებაზე. მოიარა უზენაესი სასამართლო, რომელმაც ძალიან ნათელი ჩარჩო ჩამოაყალიბა, თუ როგორი უნდა იყოს ეს და ახლაც ეს მიდგომა მოქმედებს. ეს ყველაფერი სწორად გაკეთდა“ - განაცახადა გიორგი ბათლიძემ.
რაც შეეხება გადახდისუუნარობის კანონის პროცესში სახელმწიფოს ინტერესებს, მისი თქმით, სახელმწიფო ორ როლში გვევლინება - როგორც კრედიტორი, ძირითადად გადასახადებთან მიმართებაში და როგორც მაკროეკონომიკური ფაქტორით დაინტერესებული მხარე.
„აქ რა არის საინტერესო სახელმწიფოს გადმოსახედიდან? - ერთი ის, რომ აქტივები გაცოცხლდეს. მეორე ის, რომ მეწარმეობის სულისკვეთების მქონე ადმიანები არ იყვნენ პერმანენტულად კრიზისის მდგომარეობაში, ანუ ადამიანური რესურსიც გავაცოცხლოთ.
მნიშვნელოვანია ორგანიზაციის გაწმენდა რეაბილიტაციის გზით ან თუნდაც გაკოტრებით. მართალია, გაკოტრება ძალიან მძიმედ ჟღერს, მაგრამ მას საერთაშორისო პრაქტიკაში ეძახიან „საწარმოს ორგანიზებულ გაყვანას ეკონომიკური ველიდან“.
ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ორგანიზებული გაყვანის შედეგად ჩვენ ვიღებთ გათავისუფლებულ მეწარმეს, რომელსაც შეუძლია ახალი ბიზნესი დაიწყოს. აქტივებს და კრედიტორებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ ამ გზით“ - განაცახადა გიორგი ბათლიძემ „ბიზნესპარტნიორში“.
გადახდისუუნარობის რეფორმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბიზნესის რეაბილიტაციის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საერთო ჯამში გადახდისუუნარობის ახალი კანონითი კი 40-მდე კომპანიამ ისარგებლა.